|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ დგას „ანასტასიას“ უკან?

   ქუთაისის საკრებულოს  გადაწყვეტილების მიღებას - თანხმობა მიეცეს  ქალაქის   მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით /სასყიდლით/, აღნაგობის ფორმით შპს „ანასტასიასთვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე,  კამათისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.

  ისტორია  იწყება 2013 წლიდან, როდესაც  საკრებულოს  მაშინდელმა თავმჯდომარემ,  თამაზ მარგველაშვილმა  მიიღო სკანდალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმად „სამი ოთარის ძეგლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  417 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი  აღნაგობის უფლებით, 35 წლით იჯარით გადაეცა მოქალაქე  ნანა გაგუას.

 საზოგადოების აქტიურობის შედეგად სკვერისათვის იერსახის შეცვლა  და იქ ჩაფიქრებული სასტუმროს მშენებლობა არ მოხდა. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა  კი პროკურატურამ დაიწყო.   მაშინ ეს  ყოფილი ვიცე- გუბერნატორის, "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ლიდერის, გოჩა  თევდორაძის  ბიზნეს ინტერესად შეფასდა, რომელსაც   ქალაქის თვითმმართველობაში  თავისი  გუნდი ჰყავდა ვიცე მერის გია შარიქაძის  და საკრებულოს თავმჯდომარის  ხელმძღვანელობით.  ორი წლის შემდეგ კი 2015 წლის 26 აგვისტოს, რიგით მეცამეტე სხდომაზე ქუთაისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება,  რომ "სამი ოთარის ძეგლის" მიმდებარე ტერიტორიის სანაცვლოდ ალტერნატიული ტერიტორია გადაეცეს შპს“ ანასტასიას“, რომელიც არის ნანა გაგუას „სამართალმემკვიდრე“.

საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ ამ გადაწყვეტილების ლობირებაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია დაადანაშაულა. კოლეგებს კი მოუწოდა პროკურატურის მიერ საქმის შესწავლის დასრულებამდე  „ანასტასიასათვის"  ალტერნატიული მიწის გადაცემაზე გადაწყვეტილება არ მიეღოთ. ნატო ქათამაძის განცხადება კოლეგებმა არ გაიზიარეს. ნიკა ლატარიამ კი დეპუტატს ბრალი „ინტრიგნობაში“ დასდო.

  როგორც „ნიუპრესს“ საკრებულოს დეპუტატმა,  ნატო ქათამაძემ განუცხადა,  კვალი ისევ გოჩა თევდორაძის კლანის ბიზნეს ინტერესებისაკენ მიდის.  ახალმა საკრებულომ კი მისი წინამორბედის შეცდომა „გააპრავა“ და  „ანასტასიას“ ალტერნატივის სახით ქალაქის ასევე პრესტიჟულ ნაწილში- „ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში გადასცა მიწა.

 „ნანა გაგუას ძმისშვილი, ხატია გაგუა გახლდათ გოჩა თევდორაძის მეზობელი.  2013 წელსვე, თვენახევარში, ნანა გაგუამ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიღებული უფლება გადასცა ახლადშექმნილ  შპს “ანასტასიას“, რომლის დამფუძნებელი, 40 %-იანი წილით იყო მისი ძმისშვილი, ხატია გაგუა და 60 %-ით - შპს „ნიკოილ+“-ს დამფუძნებელი დალი ლატარია, რომელიც არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა ლატარიას დედა“,- აცხადებს ნატო ქათამაძე.  

შპს „ანასტასიას “ მიმართ  მისი ოჯახის  ინტერესს უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დედამისმა თავისი წილი გაასხვისა: „იყო პერიოდი, როდესაც მე, როგორც ბიზნესმენს, შემომთავაზეს „სამი ოთარის ძეგლის“ მიმდებარედ რაიმე ბიზნესი  წამოგვეწყო, მაგრამ როგორც გაირკვა,  ეს სადავო თემა იყო, ამიტომ ჩვენ გამოვედით ამ ფირმიდან და ახლა მას სხვა დამფუძნებელი ჰყავს“-განაცხადა მან.

როგორც გაირკვა, ანასტასიას  ახალი მფლობელი გოჩა შარაბიძეა:  „ლატარიებმა თავიანთი წილი გაასხვისეს, ქალაქის მაშინდელი ვიცე-მერის გია შარაბიძის შვილზე, გოჩა შარაბიძე, რომელიც ასევე ნიკა ლატარიას მეგობარია“,-აღნიშნავს ნატო ქათამაძე.

"რომ არა ნიკა ლატარიას ლობირება, საკრებულო ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა"-მიაჩნია ქათამაძეს, რომელიც უახლოეს მომავალში საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

 საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე აცხადებს, რომ მის ფრაქციას  ამ გადაწყვეტილებისათვის მხარი არ დაუჭერია, რადგან საკითხის ნიუანსებში გარკვეული არ იყვნენ.  "უმრავლესობა ასეთ საკითხებს ისე წყვეტს, ჩვენ საქმეს არც  კი გვაცნობს“, - განაცხადა მან "ნიუპრესთან" საუბარში. თუმცა გოგისვანიძე  მიიჩნევს, რომ მეწარმე არ უნდა დაიჩაგროს. ასევე ფიქრობს "ნაციონალი" დეპუტატი გია უკლება, რომელსაც მიაჩნია, „თუ რაიმე  კანონდარღვევაა ამ საქმეში, ამაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნებაა“  და მისი მერი ქუთაისში,  შოთა მურღულია, რომლის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. რაც შეეხება ანასტასიას მფლობელ შარაბიძეებს, როგორც ჩანს, ქალაქის მერს მათი საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან  გია შარაბიძეს თავისთან  ამუშავებს- დასუფთავების ააიპის დირექტორის მოადგილედ“.

 ქალაქის თვითმმართველობა, თავის მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქალაქის ინტერესებით ხსნის. "მერიის ქმედება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარეობს, რათა დროულად მოხდეს ქალაქში  მშენებარე გასართობი ცენტრისათვის ("სამი ოთარის ძეგლის მიმდებარედ") პარკინგის ადგილის გამოყოფა. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადგილის მფლობელისათვის- შპს "ანასტასიასათვის" ალტერნატიული ადგილის შეთავაზების, რათა არ დაზარალებულიყო ძველი მფლობელის ინტერესებიც,  რაც ასევე გულისხმობს ბიზნესის ხელშეწყობას",-განუცხადა "ნიუპრესს" ქალაქის მერის მოადგილემ, კოტე ქავთარაძემ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა