რაში არიან დარწმუნებული ქუთაისელი „ნაციონალები“ და რას თვლიან ქალაქის სირცხვილად?
ქუთაისის საკრებულოში დარჩენილი „ნაციონალები“ ყოფილ თანაგუნდელებს ცხვრების ფარად, ხოლო იმერეთის
ყოფილ ვიცე–გუბერნატორს ფარის მეთაურად მოიხსენიებენ.
„ნაციონალები“ პარტიის რიგების გაფილტვრას საჭიროდ თვლიდნენ და
ცვლილებების შემდეგ დარჩენილი 8–კაციანი გუნდის სიმყარეში დარწმუნებულები არიან.
გასულ კვირას, ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალების“
უმრავლესობის რღვევის შედეგად, ამ უკანასკნელებს ოთხ–ოთხ კაციანი, ორი ფრაქცია შერჩათ.
ფრაქცია „ნაციონალებში“, რომელსაც გია უკლება ხელმძღვანელობს,
ნოე კუხიანიძე, გია გოქაძე და ლევან კირკიტაძე შედიან. ფრაქცია „მაჟორიტარებში“ კი დავით გოგისვანიძე, ამირან ხვადაგიანი,
სერგო ლექვინაძე და მერაბ ბარათაშვილი არიან. აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე დავით
გოგისვანიძეა.
„ნაციონალების“ რღვევის ხარჯზე ქუთაისის საკრებულოში ახლადშექმნილი ფრაქცია „საქართველოს
პატრიოტთა ალიანსი“ გაფართოვდა, რომლის ლობისტს
მხარის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი გოჩა თევდორაძე წარმოადგენს.
ის „ნაციონალები“, რომლებმაც პარტიას ერთგულება გამოუცხადეს, კითხვას, რატომ
მიიღეს ეს გადაწყვეტილება, უხერხულად თვლიან.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ ხელმძღვანელის გია
უკლებას თქმით, ისინი იმ იდეის ერთგული არიან, რასაც „ნაციონალები“ ემსახურებიან და ყოფილი თანაგუნდელებისაგან განსხვავებით, ყვარყვარეობას
არ აპირებენ.
„ეს ადამიანები გადავიდნენ იმ პარტიაში, რომელიც აცხადებს,
რომ 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო საქართველომ.
ესენი ქვეყნის დაქცევის გზა დაადგნენ. ჩვენ ყველა ერთი ვართ და ყვარყვარეობას არ ვაპირებთ. ამ ადამიანებმა თვითონაც არ იციან სად არინ. ვინც
წასასვლელი იყო, წავიდა. მათ უკან დაბრუნება რომ მოინდომონ და მათ ხარჯზე ჩვენ უმრავლესობაში დაბრუნების საშუალება
მოგვეცეს, ასეთი უმრავლესობა არ გვინდა“ ,– ამბობს გია უკლება.
როგორც უკლება ამბობს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების
მიუხედავად, ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთის მტრები არ არიან და საკრებულოში თანამშრომლობას
კონსტრუქციულ რეჟიმში გეგმავენ. უკლებას თქმით,
ისინი ყველა იმ დაწყებული პროექტის გაგრძელებას
დაუჭერენ მხარს, რომელიც ქუთაისისათვის აუცილებელია.
საკრებულოს ფრქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარე დავით
გოგისვანიძე ყოფილ თანაგუნდელებს არჩევანს უწუნებს და აცხადებს, რომ ყოფილი
„ნაციონალებით“ დაკომპლექტებული „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ქუთაისის სირცხვილია.
„ქუთაისის სამარცხვინოდ ეს პარტია მხოლოდ ქუთაისში დაფუძნდა
და როგორც განაცხადეს, სასიკეთო საქმის კეთებას
მეორე დედაქალაქიდან იწყებენ. ეს ადამიანები ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე ცდილობდნენ
„ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შემავალი
რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვედროდნენ. სამარცხვინოა,
რომ ეს ადამიანები „ოცნებამაც“ კი არ მიიღო
და „ეფ ეს ბე“–ში შევიდნენ. ეს არის ჩვეულებრივი
ფარა და მათი მწყემსი არის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი გოჩა თევდორაძე,“ – ამბობს დავით
გოგისვანიძე.
თავის მხრივ „მწყემსობის“ გამოცდილება გოგისვანიძესაც
აქვს. მაგალითად, გასული წლის სექტემბერში, წინასაარჩევნოდ, ქუთაისში გამართულ „ნაციონალების“
შემაჯამებლ ყრილობაზე პრეზიდენტის გამოსვლისას ის აქტივისტებს ტაშის დაკვირისა და
„მიშა, მიშა"–ს ძახილისაკენ მოუწოდებდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე