|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წითელას" ვირუსის 26 შემთხვევა ქუთაისში და გაფრთხილება მედიკოსებისგან

ქუთაისში, ამ დროისთვის "წითელას" ინფიცირების 26 შემთხვევა ფიქსირდება. მედიკოსების ინფორმაციით, "წითელას" ვირუსმა 1 - დან 40 - წლამდე ასაკის მოსახლეობა მოიცვა. ვირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტები, მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრში გადიან.

ვირუსული ინფექციის, ე.წ. "წითელას" მწვავე გამოვლინებით, ქუთაისში, ინფექციურ დაავადებათა ცენტრში, 5 წლის ეთერ ახალაძე გუშინ მიიყვანეს. მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა მოგვიანებით გაუარსედა. მძიმე შოკური მდგომარეობით, მოზარდი  რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

"ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო და ძალიან შევშინდით. თუმცა ახლა უკეთესადაა, რადგან მკურნალობის შედეგად ბავშვმა გამოჯანმრთელება დაიწყო," – ამბობს მოზარდის დედა ლელა ბაბუნაშვილი.

ვირუსული შემთხვევების რაოდენობა მედიკოსების თქმით, ყოველდღიურად იზრდება. თუმცა მათივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"ყოველი ახალი პაციენტის არსებობა ეპიდემიის ზრდაზე მიუთითებს. თუმცა ამ დრომდე არსებული ყველა შემთხვევა მართვადია. პანიკა კი იმაზეა ასატეხი, რომ აცრები ნორმალურ პირობებში ჩატარდეს და იყოს  საყოველთაო"  – ამბობს ინფექციურ დაავადებათა ქუთაისის ცენტრის სამედიცინო დირექტორი ნანა გონგაძე. მისივე თქმით, იმ ქვეყანაში, სადაც  იმუნიზაციის პრობლემა არ არსებობს, არც ეპიდემია ვრცელდება მასშტაბურად.

ვირუსული ინფექციის, ე.წ. "წითელას" პირველადი სიმპტომები, მაღალი ტემპერატურითა და გამონაყარით ხასიათდება.

ექიმების განმარტებით, ვირუსული ინფექცია გადამდებია და საჭიროა მოსახლეობამ გადამჭრელ ზომებს მიმართოს.

"აუცილებელია მოხდეს იმუნიზაცია და მოსახლეობამ აცრები გაიკეთოს. ნათქვამია, რომ "წითელა" ისეთი სიძლიერის ვირუსია, რომელიც ბეტონის კედლებშიც გადის. ამიტომ დაავადებულისგან მკვეთრად იზოლირება და ჰიგიენის წესების დაცვა უპირველესია," – ამბობს  ექიმი ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე. მისივე თქმით, ვირუსული ინფექცია, გართულების შემთხვევაში, ორმხრივ პლევმონიაში გადადის. 

ვირუსული ინფექციის ეპიდემია, მედიკოსების თქმით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მძვინვარებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი აღმოსავლეთ საქართველოშია.

"ინფექციის რაოდენობა ყველაზე მასშტაბური თბილისშია. რასაც, თავისი მიზეზები აქვს. გასულ წლებში, ვირუსული ინფექციების ერთეულმა გართულებებმა, მშობლები დააფრთხო. ამის შემდეგ  მათ ვაქცინაცია ნეგატიურად აღიქვეს და ბავშვესბ აცრებს აღარ უკეთებდნენ. დროა, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს და ვაქცინაცია სწორად იქნეს აღქმული,"  – ამბობს დაავადებათა კონტროლის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კოტე გვეტაძე.

საქართველოს მასშტაბით, ამ დრომდე, "წითელას" ვირუსის სულ 1716 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1230 შემთხვევა,  სწორედ თბილისში დაფიქსირდა.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა