ქუთაისში პოლიტიკური პარტიები საარჩევნოდ ერთგულ წევრებს ეძებენ
ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიაში, პოლიტიკურ პარტიებს ამდრომდე არ წარუდგენიათ საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად თავიანთი წარმომადგენლები.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნებში წევრების წარდგენის უფლება მხოლოდ 7 პოლიტიკურ პარტიას აქვს. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური სუბიექტები („რესპუბლიკური პარტია"), „კონსერვატიული პარტია", „ეროვნული ფორუმი", „თავისუფალი დემოკრატები" და „მრეწველები").
პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ოფისებში განმარტავენ, რომ ამდრომდე მიმდინარეობს პარტიული დაკომპლექტება. მათი განცხადებით, აუცილებლია საარჩევნო უბნებში ერთგული წარმომადგენლები ჰყავდეთ.
„მთავარია ერთგული ადამიანი იყოს. სხვა დანარჩენს კი ეშველება და ისწავლის", - ამბობს კოალიცია „ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის უფროსი მანანა მიქაძე.
კოალიციის ადგილობრივ ორგანიზაციაში ირწმუნებიან, რომ „ოცნებაში" ერთგული ადამიანების სიმცირეს არ განიცდიან. თუმცა, აღნიშნავენ, რომ პოლიტიკაში ხშირად ხდება პარტიული მონაცვლეობა.
„მაგრამ, ის რომ კოალიციის ათობით წარმომადგენელი სხვა პოლიტიკურ გუნდში გადავიდა, ეს ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია", - ამბობს მიქაძე.
კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე წევრების წარსადგენად შესარჩევი სამუშაოები დასრულებული აქვთ. თუმცა, როგორც განმარტავენ, შერჩეული კადრების საოლქო კომისიაში წარდგენამდე, თანხმობას ცენტრალური ოფისებიდან ელოდებიან.
კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიის „ეროვნული ფორუმის" ქუთაისის ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის 127-ივე საარჩევნო უბანში ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენელი. როგორც „ეროვნულ ფორუმში" - განმარტავენ, საარჩევნო უბნებზე წარსადგენი წევრები ერთგულებისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს.
„ჩვენ მართალია კოალიციის წევრები ვართ, მაგრამ თუ ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი საარჩევნო უბნებზე „ქართულ ოცნებას" რატომ უნდა შევუთანხმოთ? ჩვენ ვუთანხმებთ ჩვენი პარტიის ცენტრალურ ოფისს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ „ეროვნული ფორუმის" მიერ წარდგენილი კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე არანაირ პრობლემას არ შეუქმნიან კოალიციას," - ამბობს „ეროვნული ფორუმის" ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახი დვალიშვილი.
„ეროვნულ ფორუმში" ირწმუნებიან, რომ ალბათობაც არ არსებობს, მათი წარმომადგენლების სხვა პარტიაში გადასვლის. „ფორუმის" ადგილობრივ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მათი პარტია გასამხედროებული პოლიტიკური ორგანიზაციაა, სადაც ღალატი გამორიცხულია.
ანალოგიურად ფიქრობენ, „რესპუბლიკურ პარტიაშიც". პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნატო ქათამაძე ამბობს რომ პარტიას, წევრების ერთგულებაზე პრეტენზია აქვს. ამიტომაც ქათამაძის თქმით, არანაირი შიში არ აქვს იმისა, რომ არაკომპეტენტური, ან მოაღალატე იქნება მათი წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიებში.
„გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება. თუმცა, ჩვენ იმაზე მეტი კომპეტენტური, ერთგული და გამოცდილი კადრი გვყავს, რამდენიც გვჭირდება. თუ საჭირო იქნება, კოალიციაში შემავალ სხვა პარტიასაც დავეხმარებით", - ამბობს ნატო ქათამაძე.
ერთგული და კომპტენტური ადამიანური რესურსის სიმწირეს, როგორც ამბობენ, არც „თავისუფალ დემოკრატებში" განიცდიან. პარტიის ქუთაისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მამუკა ხურციძე ამბობს, რომ პარტიაში შიდა ტრენინგები ჩატარდა.
„პირველ რიგში წევრებმა უნდა იცოდნენ საარჩევნო კოდექსი და ჰქონდეთ გამოცდილება. რადგან, ხშირად, არჩევნებზე სასაცილო საჩივრები იწერებოდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ. მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს", - ამბობს ხურციძე. რაც შეეხება ერთგულებას, ხურციძის თქმით, თუკი ადამიანს არ უნდა, იყოს ამა თუ იმ პარტიაში, ის უნდა წავიდეს. თუმცა, „თავისუფალი დემოკრატი" ხურციძე თვლის, რომ პარტიაში ადვილად არ უნდა ხდებოდეს წევრების მიღება და პარტიის წევრებს მანდატი უნდა ჰქონდეთ.
„ასეთი მანდატის არქონა უადვილებთ წევრებს პარტიების დატოვებას. პარტიის წევრი და პარტიის მხარდამჭერი სხდასხვა რამეა. ხშირად ეს ეშლებათ", - აღნიშნავს ხურციძე.
„თავისუფალ დემოკრატებში" განმარტავენ, რომ მათ ქუთაისის 127-ვე საუბნო საარჩევნო კომისიაში თავიანთი, ერთგული წარმომადგენელი ეყოლებათ.
127-ვე საარჩევნო უბანზე ერთგული, გამოცდილი კადრების წარდგენას გეგმავენ „ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ადგილობრივ ორგანიზაციაშიც. „ნაციონალები" განმარტავენ, რომ შიდა პარტიული გადახალისება ამდრომდე მიმდინარეობს.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის, დავით გოგისვანიძის განმარტებით, მათ არც გადმობირებული წევრები სჭირდებათ და არც სხვის გადმობირებას აპირებენ.
„ჩვენ უკვე შერჩეული გვყავს საუბნო საარჩევნო კომისიებში წარსადგენი წევრები, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ. მათ ერთგულების და გამოცდილების მიხედვით ვაფასებთ, რადგან, ვიცით, გვესმის, რომ რთული პერიოდია, ხდება ზეწოლები და პარტიული გადაადგილებები. მაგრამ ჩვენი გუნდი მყარი და შეკრულია. თუმცა, ადამიანი ვერაფერს გამორიცხავ, თუნდაც ღალატს", - ამბობს გოგისვანიძე.
პოლიტიკურ პარტიებს ერთგული წევრების შესარჩევად ვადა 3 სექტემბრამდე აქვთ. საუბნო საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად პარტიებმა ქუთაისის №59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში თავიანთი წევრები სწორედ 3 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
ავტორი: თეკლა მორგოშია