|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი – პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ

"საქართველოს ხელგაშლილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის დამატება Businessweek ჰენრი მაიერის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე. 
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის 94 ჰექტარზე გადაჭიმული, აყვავებული სანაპირო ვილა ორი ელექტრონული კარის მიღმა მდებარეობს. 
"მისი ქონება საქართველოს 15,8 მილიარდი დოლარის მქონე ეკონომიკის 35 პროცენტს შეადგენს და სწორედ ამიტომ ყველაზე აქტუალური თემა ახლა სწორედ ის არის, თუ რას უზამს ივანიშვილი თავის მილიარდებს", - წერს ჰენრი მაიერი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა, რომელიც წლების განმავლობაში არ ჩნდებოდა საზოგადოებაზში, 2011 წელს გამოაცხადა, რომ პოლიტიკურ კოალიციას აფინანსებდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის დამარცხების მიზნით. 
"კოლიცია "ქართულმა ოცნებამ", რომლის სახელწოდებაც პრემიერის შვილის სიმღერიდან მომდინარეობს, დაამარცხა კიდეც პრეზიდენტის პარტია და მოიპოვა კონტროლი საკანონმდებლო ორგანოზე. საპარლამენტო ოპოზიციის ამარად დარჩენილ პრეზიდენტ სააკაშვილს ისღა დარჩენოდა, რომ გასული წლის ოქტომბერში ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობა ეღიარებინა. მაგნატმა მინისტრთა საკუთარი კაბინეტი დანიშნა. სააკაშვილი კი თავის საპრეზიდენტო სასახლეში მოექცა", - წერს ჰენრი მაიერი. 
"პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ, ეს ჩემს ხასიათში არ ჯდება", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, რომელმაც Businessweek-თან საუბრისას ასევე განცხადა, რომ გააგრძელებს მთავრობაზე დაკვირვებას და უარყო გავრცელებული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კულისებს მიღმა დარჩება. 
"რატომ უნდა ვიყო არაფორმალური ლიდერი, როცა შემიძლია ვიყო ფორმალური ლიდერი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა Businessweek-თან საუბრისას. 
"ივანიშვილს მართლაც არ სჭირდება პრემიერ-მინისტრის ხელფასი. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მისი ვილა კერძო პლაჟისგან, ორი აუზისგან, ორი გესთჰაუზისგან (პატარა სასტუმროსგან) და ლემურების, ზებრების, ფარშევანგების, თუთიყუშებისა და ფლამინგოების ვოლიერებისგან შედგება. თბილისის გარეუბანში მდებარე მისი მთავარი საცხოვრებელი კი, რომელიც იაპონელ არქიტექტორ შინ ტაკამასუს ეკუთვნის, 50 მილიონი დოლარი ღირს. მის 1 მილიარდ დოლარად შეფასებულ არტ კოლექციაში კი, რომელიც ლონდონში ინახება, 2006 წელს 95 მილიონ დოლარად შეძენილი პიკასოს "დორა მაარი კატასთან ერთად" შედის", - წერს ჰენრი მაიერი. 
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა მასთან საუბრისას განაცხადა, საკუთარი ქონებიდან 3 მილიარდი დოლარი მან საქართველოს მოახმარა და ეს თანხა სამხედროების ფეხსაცმელების, პოლიციელებისთვის კი საპატრულო მანქანების შეძენაში დახარჯა, ისევე, როგორც მუზეუმების, თეატრებისა და ეკლესიების აღდგენაში. მან ასევე აღადგინა გზები, ააშენა საავადმყოფოები და სკოლები მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან 1 მილიარდი დოლარი დააბანდა 6-მილიარდიან კერძო ინვესტირების ფონდში, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს ტურზში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და ენერგოპროექტებში მთავრობასთან ერთად. 
როგორც ჰენრი მაიერი წერს, სააკაშვილისთვის ივანიშვილის მილიარდებმა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი, რისკის ქვეშ დააყენა. 
"თუ შენი პირადი ქონება შენივე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, მონოპოლიის დამყარების ძალიან დიდი ცდუნება არსებობს", - მოჰყავს სტატიის ავტორს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კომენტარი. 
"გარკვეულწილად, დასავლელმა ინვესტორებმა მიატოვეს კიდეც საქართველო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილის მთავრობამ გასულ წლის ბოლოს ათობით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო, მათ შორის ექს-პრემიერ-მინისტრიც", - აღნიშნავს ჰენრი მაიერი და დასძენს, რომ როგორც მასთან საუბარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, კორუფციის ბრალდებით თავად სააკაშვილიც გასამართლდეს. თუმცა, სააკაშვილი ამ ბრალდებებს "სასაცილოს" უწოდებს. 
როგორც ჰენრი მაიერი აღნიშნავს, ქვეყნის შიდა კაპიტალის ზრდის ტემპი წელს 3 პროცენტით დაეცა. მისივე თქმით, სააკაშვილმა დასავლეთში პატივისცემა კორუფციის დამარცხებით, კერძო კომპანიების პრივატიზებითა და ბიუროკრატიის აღმოფხვრით მოიპოვა. თუმცა, ის ასევე დაადანაშაულებს ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. 
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ანალიტიკოს ალექსანდრე რონდელის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის მემკვიდრე, ვინც მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი მოკავშირე იქნება, რომელიც მილიარდერ ივანიშვილს მისცემს შესუსტებულ მთავრობაზე გავლენის მოხდენის უფლებას. 
"მას უნდა იმ საქართველოში ცხოვრება, რომელიც უსაფრთხო იქნება მისთვის, მისი ოჯახისთვისა და მისი ქონებისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ის ყველაზე დიდი ქონების პატრონია", - ციტირებს სტატიის ავტორი კახა ბენდუქიძის სიტყვებს, რომელიც ასევე აცხადებს, რომ "პოლიტიკაში ივანიშვილი ნათლიმამა გახდება".

წყარო: interpressnews.ge 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა