|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაისობა "ნაცებისთვის"

ქუთაისობის დღესასწაულის ერთ-ერთ კომპონენტს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ რეაბილიტირებული ობიექტების - მესხიშვილის  სახელმწიფო თეატრისა და ცენტრალური მოედნის გახსნა წარმოადგენდა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე პრეზიდენტის დასახვედრად მისულ ხალხს მიხეილ სააკაშვილისათვის თვალის შევლებამდე, მცხუნვარე მზის ფონზე, საათობით ლოდინი მოუწია. პრეზიდენტის მისვლამდე, მესხიშვილის თეატრში ადგილების შევსება დაიწყეს. მოქალაქეებს თეატრში მხოლოდ მოსაწვევების მიხედვით უშვებდნენ. ვიდრე აღნიშნული პროცესი დაიწყებოდა,   დაცვის თანამშრომელმა გამოაცხადა: „აქ შემოდიან მხოლოდ მოსაწვევებით.  „ნაცები“ ვინც ხართ, იმ მხარეს გადადით, თქვენი  თავმჯდომარე მოვა და შეგიყვანთ“. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ ქუთაისში ნოე კუხიანიძემ თეატრის დარბაზში ახალგაზრდა „ნაციონალების“ შეყვანა მართლაც  უზრუნველყო. თუმცა მანამდე, ჩხრეკის პროცედურა თავად გაიარა.

ახალგაზრდა „ნაციონალების“ მსგავსად, ასევე, გაუმართლათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსაც. აღნიშნული ორგანოს პრეზიდენტმა ირაკლი ჯიშკარიანმა ადგილზე უზრუნველყო თვითმმართველობის წევრებისათვის მოსაწვევების გადაცემა. ასევე, თეატრში მოხვდნენ ქუთაისის საჯარო  სკოლებისა და ბანკების ის თანამშრომლები, რომლებიც უფროსობამ გამოარჩია და მოსაწვევები გადასცა. მათგან განსხვავებით, არ გაუამრთლა ქუთაისის №7 საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს, რომელიც პრეზიდენტთან შესახვედრად  დავალებით მოვიდა, თუმცა მისთვის მოსაწვევი არ აღმოჩნდა. მოსაწვევები არც მართვის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდათ.   

 „ავტოქარხნის მუნიციპალიტეტიდან ვარ. აქ მოსვლა დაგვავალეს, თორემ ისე რა მინდოდა. წუხელ საღამოს სახლში დამირეკეს. მაგრამ ახლა არ მიშვებენ. მოსაწვევი არ მაქვს. სხვა მუნიციპალიტეტიდან ვეძებ წარმომადგენლებს, მაგრამ ვერც მათ ვპოულობ,“ - ამბობს ერთ-ერთი „იმედგაცრუებული“   ქალბატონი.

მუნიციპალიტეტების წარმოამდგენლებისაგან განსხვავებით, მესხიშვილის თეატრში შესვლის „პატივი“ არც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ქალბატონს მიეცა.

„ნაციონალების“ მხარდამჭერი ვარ. ჩვენი პრეზიდენტი ძალიან მიყვარს. ქალაქი გაალამაზა, მაგრამ შიგნით არ მიშვებენ,“ -ამბობს ქალბატონი.

პრეზიდენტთან შეხვედრისა და თეატრში მოხვედრის სურვილს რიგითი მოქალაქეებიც გამოთქვამდნენ,  თუმცა მათი სურვილი სურვილად დარჩა.

გარეთ დარჩენილებმა გამოსავალი მოძებნეს: მოსაწვევებს ქსეროასლი გადაუღეს და ამგვარად ცდილობდნენ შიგნით მოხვედრას. თუმცა  მათი ცდა ამაო აღმოჩნდა.  რიგთი მოქაქეების მსგავსად, თეატრის შენობაში შესვლის უფლება არც  რეგიონულ მედიასა (გაზეთი „ახალი გაზეთი“, გაზეთი „პოსტკრიპტუმი“, რადიო „ძველი ქალაქი“) და ტელკომაპანია „მაესტროს“ წარმომადგენლონას მიეცა.

როდესაც მოსაწვევიანი მოქალაქეებით თეატრის  დარბაზი შეივსო,  დაცვამ კარი დახურა, რამაც გარეთ დარჩენილი მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. აღნიშნულ პროტესტს შემდეგი რეპლიკა მოყვა: „აირჩიე ახლა ივანიშვილი. სააკაშვილი თუ ავირჩიეთ რა გაგვიკეთა?“.

დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეთა რეპლიკას ბრძანების ტონით გაკეთებული განცხადებით უპასუხა: „აქ დამსწრეთა და ყველას გასაგონად მინდა გითხრათ, რომ ვისაც მოსაწვევი არ გაქვთ, ვერ შეგიშვებთ. ამიტომ, ვისაც მოსაწვევი აქვს ხელს ნუ უშლით. ყველა ჩავიდეს დაბლა. კიბეზე არავინ გაჩერდეს. მე არც ცენტრალური ხელისუფლების და არც გუბერნიის წარმომადგენელი ვარ.  თბილისიდან დავალებით ვარ ჩამოსული,“ - განაცხადა მან.

თეატრში შეკრებილ საზოგადოებასთან მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტი გარეთ მყოფი ხალხის ნაწილს მიესალმა. შემდეგ საყვარელ შადრევანთან მივიდა და რეაბილიტირებული მოედანი გახსნილად გამოაცხადა. გახსნის ოფიციალური პროცედურის  დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა ტერიტორია დატოვა, ხოლო დღევანდელი დღით ნასიამოვნებ თუ გულდაწყვეტილ მოქალაქეებს სანუგეშებლად კონცერტი დაუტოვა.

2 მაისობის დღესასწაულს ნინო ქატამაძის კონცეტრი და ფეიერვერკი დაასრულებს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა