|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მცირე სააფთიაქო ქსელები ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე?!

ქუთაისში არსებული დამოუკიდებელი მცირე აფთიაქები, შესაძლოა, დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ ბაზარზე მსხვილი სააფთიაქო ქსელების მონოპოლია აყენებს. მცირე აფთიაქები, ახლა, გამოსავლის ძიებაში არიან და თვითგადარჩენისთვის იბრძვიან.

უკვე წელიწადნახევარია, გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა. ფაქტობრივად, მსხვილი ფირმები "პე-ეს-პე", "ავერსი", "ჯი-პი-სი," "გლობალფარმი" და "ეი-ბი-სი", მცირე სააფთიაქო ქსელებს ხელოვნურად გვკლავენ და იძულებულს გვხდიან, რომ ბიზნესი გავაჩეროთ“ - აცხადებენ ქუთაისის დამოუკიდებელი აფთიაქების მენეჯერებ  newpress.ge-სთან საუბარში. ამ ეტაპზე, ყველა მათგანი, ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ისედაც განადგურებული საცალოსააფთიაქო ბიზნესი სულ არ დაკარგონ.

მცირე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებმა, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დაიწყეს და ხმა შესაბამის უწყებებს მიაწვდინეს. თუმცა, წერილს, რომლითაც მცირე სააფთიაქო ქსელების მენეჯერებმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარეს ოთარ თოიძეს მიმართეს, გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია.

"უკვე წელიწადზე მეტია, მსხვილი სააფთიაქო კომპანიები, რომელთა ფუნქციაა მოამარაგონ საცალო ქსელი, ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. დამოუკიდებელ აფთიაქებს, მხოლოდ, 20%-იანი ფასდაკლებით გვაწვდიან მედიკამენტებს, ხოლო თავად 22-25-30-40%-იანი ფასდაკლებით ყიდიან და ამარაგებენ მხოლოდ საკუთარ აფთიაქებს. მიუხედავად, ჩვენი მრავალგზის შეხვედრებისა და თხოვნისა, რომ ჩვენც იგივე ფასდაკლებით გაგვეყიდა მედიკამენტები, როგორც ისინი ყიდიან, სასტიკი უარი განაცხადეს.ავერსი", "პე-ეს-პე", "ჯი-პი-სი", "გლობალფარმი" და "ეი-ბი-სი" თავიდან იყო საბითუმო ბაზრები. შემდეგ გახსნეს აფთიაქები, წარმოებები, კლინიკები, სადაზღვევო კომპანიები, ყველაფერი მათ ჩაიგდეს ხელში. განგვიცხადეს კიდეც: თქვენი ადგილი აღარ არის ბაზარზე, ის "ეი-ბი-სიმ" დაიკავაო! გვაინტერესებს, აქვთ ამის უფლება?," – ნათქვამია  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ დავით ბაქრაძესა და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარ ოთარ თოიძეს მისამართით გაგზავნილ წერილში.

დამოუკიდებელ აფთიაქებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სიტუაცია, ხელისფლებისთვის არ არის ცნობილი. მათი თქმით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის იმის პრეცედენტი, რომ საბითუმო და საცალო ქსელი, წარმოება, დაზღვევა და კლინიკების მეპატრონე იყოს ერთიდაიგივე კომპანია. „ეს იწვევს მათ მონოპოლისტებად ჩამოყალიბებას და სააფთიაქო ბაზრის თვითნებურ მართვას," – ნათქვამია წერილში

მცირე სააფთიაქო ქსელების მენეჯერები აღნიშნავენ, რომ  ქვეყანაში წამლის სიძვირე, მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული კომპანიების დამსახურებაა, რადგან წამლის თვითღირებულებას დიდ პროცენტს არიცხავენ: განსაკუთრებით, იაფია მედიკამენტები ეგვიპტესა და ინდოეთში. "გლობალფარმი" კი იქედან შემოტანილ მედიკამენტებს იცხავს ძალიან დიდ პროცენტს და ჩვენს ქვეყანაში სწორედ ეს მედიკამენტები არის ძვირი. გადასასინჯია ამ მედიკამენტების თვითღირებულებები“.

მცირე სააფთიაქო ქსელის მენეჯერებს მიაჩნიათ, რომ  ყოველივე ამას, დამოუკიდებელი აფთიაქები ლიკვიდაციისკენ მიყავს, რაც მონოპოლიტი კომპანების დიდი სურვილია და ამას საქმითაც ამტკიცებენ: თანდათან იხურება აფთიაქები, მალე, საერთოდ აღარ იქნება დამოუკიდებელი საცალო აფთიაქები. ყოველივე ეს, კიდევ უფრო გაზრდის უმუშევართა არმიას. ჩვენც ხომ გვინდა არსებობა ამ ქვეყანაში?!“

აღნიშნულიდან გამომდინარემცირე სააფთიაქოს ქსელის მენეჯერები პარლამენტის თამჯდომრეს თხოვენ, მიიღო სათანადო ზომები. კერძოდ, აღდგეს ანტიმონოპოლიური სამსახური; კანონის შესაბამისად მოხდეს საბითუმო და საცალო ქსელის გაყოფა; საბითუმო ბაზებს მკაცრად აეკრძალოთ მედიკამენტების საცალო რეალიზაცია და უზრუნველყონ დამოუკიდებელი აფთიაქების მომარაგება ხარისხიანი მედიკამენტებით და ისეთი პროცენტული ფასდაკლებით, რომ აფთიაქს შეეძლოს ფუნქციონირება. გარდა ამისა, მენეჯერები ითხოვენ, საზღვარგარეთიდან შემოტანილ და ასევე, ქართულ მედიკამენტებს, თვითღირებულებაზე დაერიცხოს მინიმალური პროცენტი; ასევე, შეიქმნას ალტერნატიული სააფთიაქო ბაზა სახელმწიფო დონეზე.

მენეჯერები, იმ დეტალებზეც საუბრობენ, რაც მაგნატ კომპანიებს ექიმებთან პიროვნული გარიგების საფუძველზე, სარგებელსაც აძლევს: ადრე ჰქონდათ სამფერიანი ბლანკები, რომელზეც ექიმი წერდა დანიშნულებას. რა თქმა უნდა, იქ იყო მითითება, თუ სად უნდა შეეძინათ ეს წამლები. ამ სამფერიანი ბლანკის ერთი პირი რჩებოდა ექიმთან, მეორე აფთიაქში, მესამე პაციენტთან. ქიმთან დარჩენილი ბლანკების რაოდენობის დაჯამებით ხდებოდა, თუ რამდენად ნაყოფიერად იმუშავა იმ თვეში ექიმმა და მეტი მომხმარებელი გაუჩინა ამა თუ იმ ქსელს. ეს "ნაყოფიერება" კომპანიებისგან, შესაბამისად, თანხების გადახდაში გამოიხატებოდა. ყველამ იცის, რომ ამ სქემაში გახვეული და გარკვეული ექიმები 1000 ლარამდე ადიოდნენ. მათ აქვთ გახსნილი ბარათები ან საკუთარ სახელზე, ან სხვაზე და ასე იღებენ ბონუსებს. ახლა, უკვე, ამოიღეს ხმარებიდან ეს სამფერიანი ბლანკები, მაგრამ კომპანიებთან ალიანსში მყოფი ექიმები, ისევ ამ "ხელიხელს ბანს" პრინციპით მუშაობენ".

ქუთაისის დამოუკიდებელი აფთიაქების მენეჯერები, ასევე, საუბრობენ იმ გამოსავალზეც, რომელსაც თავად მიაგნეს. ბიზნესი  რომ არ დაკარგონ, აფთიაქებში პარფიუმერიისა და ჰიგიენური საშუალებების ხაზი გააძლიერეს, თუმცა, მომგებიანი არც ეს აღმოჩნდა. აფთიაქების მენეჯერები ამბობენ, რომ ამ მიდგომით, ქუთაისის საცალო აფთიაქებმა, შესაძლოა, მხოლოდ, რამდენიმე თვე მოახერხონ მუშაობა. რადგან წაგება იმდენად დიდი შეიძლება აღმოჩნდეს და ხარჯიც პარალელურად გაზრდილი, რომ საბოლოოდ, ბიზნესის გაჩერებამდე მივიდნენ.

მანამდე კი, სანამ მსხვილი სააფთიაქო ქსელები newpress.ge–ს შეკითხვებს ზემოთაღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, უპასუხოდ ტოვებენ, დამოუკიდებელი აფთიაქების მენეჯერები საკუთარი უფლებების დაცვას, ადვოკატების დახმარებით გეგმავენ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა