სამი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც თვითმმართველობის სახელისუფლებო რეფორმას მოჰყვება (R)
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული
ასოციაციის იურისტი დავით ზარდიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სამ ყველაზე
დიდ საფრთხეს ასახელებს და განმარტავს, რომ ამ რეფორმას არა დეცენტრალიზაცია, როგორც
ამას ხელისუფლება ამბობს, არამედ ცენტრალური ხელისუფლების გავლენების გაძლიერება მოჰყვება.
ამასთან, სახეზე
გვექნება დაშლილ-დანაწევრებული, უმოქმედო ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელსაც რეალურ
მმართველად მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი ეყოლება.
ზარდიაშვილის განცხადებით, პირველი პრობლემა მუნიციპალიტეტების ხელოვნური დაყოფაა.
"დაგეგმილია
სოფლების გაერთიანება რაიმე სქემის გარეშე, ძალიან სწრაფ ტემპში. თუმცა, რეალურად,
როდესაც ეს სოფლები გაერთიანდებიან, მათ ქმედითი თვითმმართველობა არ ეყოლებათ. ავიღოთ
თუნდაც ის ფაქტი, რომ ადგილობრივი საკრებულო უნდა აირჩიონ, მაგრამ იმ საკრებულოსთვის
დღეს შენობაც კი არ არის. როგორ მოესწრება ეს ექვს თვეში, თუ დღესვე არ დაიწყო ამის
მშენებლობა?!
გურიის მაგალითზე
ეს პრობლემა ოზურგეთს ექმნება, რადგან ის რამდენიმე მუნიციპალიტეტად დაიყოფა.
მოხდება სოფლების
სრულიად ხელოვნური გაერთიანება და თემებად ჩამოყალიბება. მაგალითად ისევ ოზურგეთის
სოფლები - სოფელ ძიმითის და ნასაკირალის გაერთიანებული
თემი ავიღოთ. ძიმითელს თავისი ადგილობრივი თვითმმართველობა ნასაკირალში ექნება, თუმცა
ამ ორ სოფელს შორის პირდაპირი გზა არ არის; ამიტომ, ძიმითელს ადგილობრივი მნიშვნელობის
პრობლემის გადასაჭრელად ოზურგეთის გავლით ნასაკირალში ჩასვლა მოუწევს. ანუ ის იდეა,
რომ მოსახლეობა თვითმმართველობას დაუახლოვდება, ამ გადაწყვეტილებიდან სულაც არ გამომდინარეობს,
პირიქით. აქ იქმნება იდენტობის პრობლემაც, ძიმითელს უნდა ნასაკირალთან ერთად ერთ ერთეულში
ყოფნა? ამას არავინ კითხულობს. როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იყო, მაშინ ეს პრობლემა
არ არსებობდა, მაგრამ როცა ამის ხელოვნურად გაერთიანება მოხდება, ეს პრობლემაც დადგება“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
მისივე თქმით, მეორე
პრობლემა უკვე რეგიონების შექმნაა. "კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ რეფორმით
ყველა ის ნიშანი იქმნება, რაც რეგიონისთვისაა დამახასიათებელი - ის არის საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, აქვს თავისი ტერიტორია და თვითმმართველობის ორგანოები, აქვს თავისი
უფლებამოსილებები და ჰყავს მოსახლეობა. პავლეს თუ სავლეს დაარქმევენ, და მას პავლეს
ფუნქციებს მიანიჭებენ, ის მაინც პავლე არ იქნება?! რეალურად იქნება რეგიონული ხელისუფლება,
თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით. განსაკუთრებით საშიშია, რომ
პროექტის მიხედვით, რეგიონულ ხელისუფლებას ინსტიტუციურად „ორმაგი“ და წინააღმდეგობრივი
ბუნება აქვს: ერთი მხრივ, რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოა რეგიონში შემავალი თვითმმართველი
ერთეულების საკრებულსგან დაკომპლექტებული რეგიონული საბჭო; მეორე მხრივ, რეგიონის,
როგორც იურიდიული პირის მეთაური და იმავდროულად აღმასრულებელი ორგანო -სახელმწიფო
რწმუნებული ანუ გუბერნატორი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერაა დანიშნული. აქედან
გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის არა საბჭოს, არამედ მთვრობის წინაშეა ანგარიშვალდებული.
ამით მთლიანად უგულებელყოფილია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის
კონცეფცია, ასევე საქართველოს კონსტიტუცია, სადაც აღნიშნულია, რომ აღმასრულებელი ორგანოები
ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე.
კატეგორიულად მიუღებელია,
რომ მთავრობას შეუზღუდავი უფლება ენიჭება ნებისმიერად შექმნას ე.წ. მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება, თავისი სურვილისამებრ შეიყვანოს
მათში თვითმმართველი ერთეულები და ხელმძღვანელად ამ გაერთიანებას სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი
დაუნიშნოს. ამ შემთხვევაში, გამოდის არა დეცენტრალიზაცია, არამედ ცენტრალიზაცია“, - აღნიშნავს ზარდიაშვილი.
გარდა ამისა, მისივე
თქმით, არის კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მთავრობის ფუნქციების გაძლიერებას გულისხმობს.
"რეგიონის დონე ქმნის იმის საფუძველს, რომ თვითმმართველობების ავტონომიები შეიზღუდება; ეს აქამდეც იყო, მაგრამ კანონით არ იყო გაწერილი, ახლა კი ეს დაკანონდება. ამასთან, ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ მთავრობის ფუნქციები ძლიერდება, პირველ რიგში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები, რომელსაც კანონის მიღებიდან უკვე თავისუფლად შეგვიძლია თვითმმართველობის სამინისტრო ვუწოდოთ. ამ სამინისტროს ხელში ერთდროულად თავს იყრის სისტემის მონიტორინგის ექსკლუზიური ფუნქცია, სამართლებრივი ზედამხედველობა და კომუნიკაციების მართვის ფუნქცია. ეს, რეალურად, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური ხელმძღვანელობაა და აი, რა ყალიბდება: ცენტრალურ დონეზე არის პრემიერ მინისტრის რეგიონული პოლიტიკის ოფისი ირაკლი მელაშვილის ხელმძღვანელობით, მისი უფლებები ძლიერდება, რადგან ამ კოდექსს თანმდევი პროექტი მოყვება - მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებები; შემდეგ იქნება გუბრნატორები, სადღაც ქვემოთ კი, დაშლილ-დანაწევრებული თვითმმართველობა. ეს არის დღევანდელი სახელისუფლებო პროექტის მთელი არსი, თუმცა, ავტორები გვეუბნებიან, რომ ეს ევროპული ტიპის თვითმმართველობაა, რაც, ჩემი აზრით, ცინიზმია“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
ავტორი: თამთა კაკაურიძემ