|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3-5 წელში კიბოს გრიპივით დაამარცხებენ?

კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის ახალი მეთოდი ნაპოვნია.

უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, მეცნიერებმა უკვე განკურნეს კიბოთი დაავადებული, სასიკვდილოდ განწირული ადამიანი - გამოცდილი უახლესი მეთოდი, სიმსივნური დაავადებების გარდა, ადამიანის სხვადასხვა ინფექციური ავადმყოფობებისგან განკურნების საშუალებაც იქნება. 
ექიმები პროგნოზირებენ, რომ დაახლოებით 3-5 წელში, ახალი მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში ოფიციალურად დაინერგება და ბევრი ავადმყოფი სრულად გამოჯანმრთელდება.
კიბოს მკურნალობის თანამედროვე საშუალებები ძალიან საიმედო ნამდვილად არაა და ამას მსოფლიო მეცნიერებიც აღიარებენ, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, სპეციალისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ონკოდაავადებების მკურნალობის უნიკალურ და მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს, რომელიც ბევრ სხვა ტიპის ავადმყოფობასაც განკურნავს.
ახალი ტექნოლოგიის არსი ისაა, პაციენტის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებთან ბრძოლა "ასწავლონ". კიბოთი დაავადებული და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობის პირველი წარმატებული ცდები უკვე ჩატარდა - ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ახალი მეთოდი იმაზე ეფექტურია, ვიდრე ექიმები ელოდნენ.
ნიკ უილკინსს ლეიკემიის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, სამწუხაროდ, ბიჭუნას ვერც ქიმითოერაპიამ უშველა და ვერც დონორი დის ძვლის ტვინის გადანერგვამ. 14 წლის ასაკში გაირკვა, რომ მკურნალობის ყველა არსებული საშუალება ავადმყოფობის წინააღმდეგ უძლური იყო, ექიმებმა ფარ-ხმალი დაყარეს და ნიკის მშობლები გააფრთხილეს, რომ ბიჭს მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენოდა. რადგან ბიჭი სასიკვდილოდ იყო განწირული, დედ-მამამ გადაწყვიტა, უკანასკნელი შანსი გამოეყენებინა და ნიკი პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ მკურნალობის ექსპერიმენტულ პროგრამაში ჩაერთოთ. ექსპერიმენტში, ნიკის გარდა, 20 ახალგაზრდა პაციენტი მონაწილეობდა. ნიკმა მათთან ერთად მკურნალობის ექსპერიმენტული კურსი ფილადელფიის ბავშვთა კლინიკაში გაიარა. მკურნალობის შემდეგ, ექიმების ანგარიშში კი წერია: "ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. საოცარია - 21 პაციენტიდან 18 სრულად განიკურნა მკურნალობის ერთი კურსის მერე. ნიკ უილკინსი კი, სრულად განიკურნა კლინიკაში დაწვენიდან 2 თვის თავზე". ახალი თერაპია დაფუძნებულია პაციენტის იმუნურ სისტემის T-უჯრედებზე. ექიმების შესაბამისი კვალიფიკაციის შედეგად, მეთოდი შეიძლება დაინერგოს ნებისმიერ სამედიცინო ცენტრში, მკურნალობის არსი კი შემდეგია: ექიმები პაციენტის ორგანიზმიდან იმუნურ თ-უჯრედებს იღებენ და მათ ახალი გენების შეყვანით აპროგრამებენ, მოფიდიცირებული უჯრედები კი "ეძებენ" კიბოს უჯრედებს ანუ პაციენტის იმუნური T-უჯრედები იძენენ თვისებას - აღმოაჩინონ და თავს დაესხან სიმსივნურ უჯრედებს. დაპროგრამების შემდეგ, T-უჯრედებს კვლავ პაციენტის ორგანიზმში ნერგავენ, სადაც ყოველი დაპროგრამებული T-უჯრედი ახალ გენეტიკურ თვისებას 10 000 სხვა უჯრედს ანიჭებს და ამგვარად პაციენტის ორგანიზმში წარმოიშობა დიდი რაოდენობის "მონადირე უჯრედები", რომლებიც ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ფაქტობრივად, მეცნიერებმა იმუნიტეტს "ასწავლეს" სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა ისე, როგორც გაციებასა თუ გრიპთან... პაციენტების მკურნალობა განსაკუთრებული სიმპტომების ფონზე წარიმართა: ორგანიზმში მოდიფიცირებული T-უჯრედების შეყვანის შემდეგ, კიბოს უჯრედებთან აქტიური ბრძოლისას, მოხალისეებს ახასიათებდათ მაღალი ტემპერატურა, სისუსტე... ამ დროს ისინი მოთავსებულნი იყვნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - ნიკუილკინსმა იქ სრული დღე-ღამე გაატარა; ექიმების თქმით კი, ეს ნიშნები არაფერია იმ გვერდით მოვლენებთან შედარებით, რაც ონკოდაავადებულებს ქიმიოთერაპიის დროს აღენიშნებათ ან ძვლის ტვინის გადანერგვას ახლავს.

თეორიულად, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდი შეიძლება გამოიყენებოდეს ყველა სახეობის კიბოს 

წინააღმდეგ, თანაც ნებისმიერ სტადიაზე, ასევე ინფექციური დაავადებებისა და მძიმე ინტოქსიკაციის სამკურნალოდაც. ახალი მეთოდის ეფექტურობა კიდევ ერთი ფაქტით დამტკიცდა: გარდა იმისა, რომ ნიკ უილკინსს მკურნალობის 2 თვის თავზე სისხლში კიბოს არც ერთი უჯრედი არ აღმოაჩნდა, დადგინდა, რომ: სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლის შემდეგ, გენეტიკურად მოდიფიცირებული T-უჯრედები გადარჩნენ და მათ შეუძლიათ იარსებონ პაციენტის სისხლში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში პაციენტი დაცულია დაავადების რეციდივისგან (ავადმყოფობის გამეორება). 
კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ტექნოლოგიაზე კლინიკური ექსპერიმენტები მხოლოდ 2010 წლიდან ტარდება და მას შემდეგ "ჩამქრალმა" დაავადებამ თითზეჩამოსათვლელ შემთხვევებში გაიღვიძა, სტატისტიკა კი ასეთია: 12 სრულიად განკურნებული ზრდასრული ადამიანიდან, მხოლოდ ერთს ჰქონდა ავადმყოფობის რეციდივი; აღსანიშნავია ისიც, რომ მოდიფიცირებული თ-უჯრედების თერაპიის შემდეგ "შებრუნებული" დაავადება მკურნალობას გაცილებით ადვილად ექვემდებარება და ამ ფონზე, რა გასაკვირია, მსოფლიო მეცნიერების აღფრთოვანება.
დოქტორი რენე ბრენტენი ყვება: "15 წლის წინ, ლაბორატორიაში, მიკროსკოპში ვაკვირდებოდი, როგორ ხოცავდა მოდიფიცირებული თ-უჯრედები კიბოს უჯრედებს. ეს ნამდვილი სასწაული იყო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტიც წარმატებით დასრულდა. არასოდეს დამავიწყდება პაციენტი, რომელსაც ძვლის ტვინში კიბოს უამრავი უჯრედი ჰქონდა - იგი სასიკვდილოდ იყო განწირული, დაავადებას ვერაფრით ვამარცხებდით და ერთ-ერთი პირველი ჩავრთეთ ექსპერიმენტში. რამდენიმე თვის შემდეგ კი, როდესაც მიკროსკოპით დავაკვირდი, თვალებს ვერ დავუჯერე - ათასჯერ გადავამოწმე და ძვლის ტვინში კიბოს ვერც ერთი უჯრედი ვერ აღმოვაჩინე. აღფრთოვანებისგან შევკივლე - ღმერთო, ეს ხომ ფანტასტიკაა! არ დამავიწყდება მისი აცრემლებული თვალები - სიკვდილს შეგუებულს ვუთხარით რომ სრულიად ჯანმრთელი იყო და შეეძლო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა. ეს ნამდვილი სასწაული იყო!"
კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი დღეს ნებადართულია მხოლოდ ექსპერიმენტული პროგრამების სახით, სადაც სულ უფრო მეტი პაციენტი ერთვება და ექსპერიმენტის ეფექტურობაც დღითიდღე სარწმუნო ხდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 3-5 წლის შემდეგ ეს უნიკალური მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, არაერთ კლინიკაში, ჩვეულებრივ, წარმატებულ პრაქტიკად დაინერგება.

წყარო : ambebi.ge 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა