|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის წევრების არადეკლარირებული სამეწარმეო ინტერესები

პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მიერ წარდგენილ წლიურ ქონებრივ დეკლარაციებში მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პარლამენტის წევრების არადეკლარირებული სამეწარმეო ინტერესების თაობაზე ინფორმაცია დღეს, ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა:

"საქართველოში 2,700-ზე მეტი თანამდებობის პირი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი, ვალდებულია ყოველწლიურად წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ასახულია თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრების საკუთრება, კუთვნილი წილები კომპანიებში, საბანკო ანგარიშები და სხვ. მსგავსი ინფორმაცია საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ, თუ რომელმა კომპანიებმა, ორგანიზაციებმა და ინტერესთა ჯგუფებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა პარლამენტის წევრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ერთმანეთს შეადარა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები (განცხადებული წილები სხვადასხვა კომპანიებში) და საჯარო რეესტრის კომპანიების მესაკუთრეების ბაზის ჩანაწერები, რის შედეგადაც გამოავლინა შემთხვევები, როდესაც დეპუტატის მიერ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სია არასრული იყო.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პარლამენტის წევრის მიერ მითითებული კომპანია შეიძლება დღეისათვის უკვე აღარ ფუნქციონირებდეს, რადგან კომპანიებს ფუნქციონირების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა არ ევალებათ. ასევე, ქვემოთ მოცემული კომპანიების სია არ შეიცავს ინფორმაციას სააქციო საზოგადოებებში პარლამენტის წევრთა წილების შესახებ, რადგან საქართველოს კანონმდებლობით ამ ტიპის კომპანიებს არ ევალებათ მათი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის საჯარო რეესტრისათვის მიწოდება.

ლევან ქარდავა (წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

ლევან ქარდავამ 2013 წლის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „მ.დ. ჯგუფი” მიუთითა. მისი განცხადებით, მას კომპანიისგან მოგება არ მიუღია. დეპუტატის2012 წლის დეკლარაცია კი საერთოდ არ შეიცავს ინფორმაციას კომპანიებში მისი მონაწილეობის შესახებ.

საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების მიხედვით, შპს “მ.დ. ჯგუფის” გარდა ლევან ქარდავა შპს „მაგანა-2004-ს” და შპს „გრუპო ვიას” მესაკუთრეა. მას ასევე ეკუთვნის შპს „საქართველოს ინოვაციური ნანო ტექნოლოგიების” 25 პროცენტიანი წილი.

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ლევან ქარდავამ მისი კუთვნილი კომპანიების ნაწილი გაასხვისა: 2012 წლის 30 ოქრომბრამდე მას ეკუთვნოდა შპს „25 არხის” 50 პროცენტიანი წილი. 2013 წლის მარტში მან გაასხვისა შპს. „ოილ პროში” მისი კუთვნილი 50 პროცენტიანი წილი, ხოლო 2013 წლის ივნისში – შპს. „გეომაგინვესტპრომის” 25 პროცენტიანი წილი.

რევაზ შავლოხაშვილი (წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნება - კონსერვატორები”)

რევაზ შავლოხაშვილი თავდაპირველად პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო, თუმცა მოგვიანებით იგი „ქართული ოცნება - კონსერვატორებში” გადავიდა. იგი შპს „საბა 2005–ის” 50 პროცენტიან წილს ფლობს რის შესახებაც არც 2013 წლის მაისის და არც წალკის გამგებლად მუშაობის დროს 2010 და 2012 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა. 

თამაზ ყაჭეიშვილი (პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება”)

თამაზ ყაჭეიშვილმა 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა, რომ იგი წილებს ფლობდა ორ კომპანიაში – შპს „ნუგოში” და შპს „სამეგობროში”. დეპუტატს არ უხსენებია მისი 25 პროცენტიანი წილის შესახებ შპს „ხარისხში”. სამეწარმეო რეესტში არსებული მონაცემების თანახმად, დეპუტატი ასევე ფლობს 5 პროცენტიან წილს შპს „საქართველო-გერმანიის ერთობლივ საწარმო ეკოში”. კომპანიის შესახებ ბოლო ჩანაწერი 2010 წლის აგვისტოთი თარიღდება, რის შემდეგაც მან შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტა.

ირინე იმერლიშვილი (პარლამენტის ყოფილი წევრი, „ქართული ოცნება”)

ირინე იმერლიშვილი 2012 წლის 19 დეკემბერს შპს „მიშოს” 70 პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა, რის შესახებაც მან ორი დღის შემდეგ – 2012 წლის 21 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა. ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნული გარემოების შესახებ არც 2013 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნის შემდგომ დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა.

ანი მიროტაძე (პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება”)

ანი მიროტაძე 2012 წლის 31 ოქტომბერს, პარლამენტში შესვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ,შპს „PR ჯგუფის” 50 პროცენტიანი მფლობელი გახდა, რის შესახებაც მან არც 2012 წლის და არც2013 წლის დეკემბრის ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა.

თამაზ შიოშვილი (პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება”)

თამაზ შიოშვილი შპს „სპენიშქლეის” 35 პროცენტიანი და შპს „მემორექსის” 30 პროცენტიანი წილის მფლობელია. დეპუტატმა ამის შესახებ 2012 და 2013 წლის ქონებრივ დეკლარაციებში არ განაცხადა.

გიგა ბუკია (პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება”)

გიგა ბუკია შპს „იუ-სი-ემ”–ის დირექტორი და მეწილეა, რის შესახებაც მან 2013 წლისდეკემბრის ქონებრივ დეკლარაციაში არ განაცხადა.  

გოგი ლიპარტელიანი (ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)

გოგი ლიპარტელიანი 2013 წლის 2 აპრილამდე შპს „ბიოსფერო +”–ის 20 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო, რის შესახებაც მან არც 2012 წლის და არც 2013 წლის მაისში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა. თუმცა დეკლარაციებში დეპუტატმა ჩაწერა მისი ცოლის მიერ აღნიშნულ კომპანიაში არსებული წილებისა და მისი სხვა კომპანიებში არსებული წილების შესახებ: შპს „სპეროზა”, შპს „გამა+”, შპს „გამა”, შპს „ტრანს-გაზი”, შპს EuroStyle XXI.

თამაზ ავდალიანი (პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება”)

თამაზ ავდალიანი 2013 წლის 10 იანვრამდე შპს „ასკო ლტდ”–სა და შპს GeoHolidayTour–ის 50 პროცენტიანი მფლობელი იყო. ამის შესახებ დეპუტატმა არც 2012 წლის და არც 2013 წლის დეკემბერში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა.

ვიქტორ ჯაფარიძე (მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნება”)

ვიქტორ ჯაფარიძე 2013 წლის 7 მარტამდე შპს „სეტის” 50 პროცენტიანი თანამფლობელი იყო, რის შესახებაც მან არც 2013 წლის 17 დეკემბერს და არც 2012 წლის 11 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში განაცხადა. აღნიშნულ დეკლარაციებში დეპუტატმა განაცხადა სხვა კომპანიის – შპს „ქცია-94”-ის მეწილეობის შესახებ, თუმცა აღნიშნული კომპანიას საქართველოს სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება.

რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტში არჩევამდე გასხვისებული წილების შესახებ არ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ ამ ტიპის ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავალი აესახათ ქონებრივ დეკლარაციაში. ანგარიშვალდებულების მხრივ მსგავსი შემთხვევები ნაკლებად პრობლემატურია, თუმცა ტექნიკურად ისინი საჯაროობის ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ თანამდებობის პირმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კომპანიების წილები ნდობით აღჭურვილ პირს ან ნათესავს გადასცეს, რათა რეალურ მესაკუთრედ მაინც თვითონ დარჩეს.

გვსურს, მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს შესაბამისი ზომები და, დეპუტატების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მათ მიმართ განახორციელოს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

თანამდებობის პირთა  მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, თუმცა მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს კანონის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადეკვატურ სანქციებს, რაც ამჟამად, სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის," - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

ავტორი: ნიუპრესი