|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ვარდის უბანი“ და ეკომონიკური აღორძინება ქუთაისში

„ქუთაისს პარლამენტმა ეკონომიკური სარგებელი  ვერ მოუტანა“- ამ არგუმენტით ცდილობენ ქალაქისათვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევას. ამის პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობა იმედით უცქერის ქალაქში ყოველი ახალი ინვესტიციის შემოსვლას. რა მოუტანს ქუთაისს მეტ  სარგებელს, ამის გარკვევას "ნიუპრესი" შეეცადა.

 ქუთაისში ნიკეას მიმდებარე ტერიტორიაზე მინი ქალაქის მშენებლობა  დაიწყო. სამუშაოებს თურქული კომპანია შპს „ანსალ ინშაიფი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს. ცნობილია, რომ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინები,  დასასვენებელი კომპლექსი, გასართობი და სავაჭრო ცენტრები განთავსდება. ტერიტორია შპს “ანსალ ინშაიფმა“ კერძო მესაკუთრისგან შეიძინა. მინი ქალაქს, რომელიც ქუთაისში შენდება, ინვესტორებმა „ვარდის უბანი“ უწოდეს.  კომპანიის  წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი  ამბობს, რომ  მინი ქალაქის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება.  მშენებლობა 21 ათას  კვ.მეტრზე  მიმდინარეობს. „ვარდის უბანში“ ქალაქისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა  განთავსდება.

 თურქული ინვესტიციით იგეგმება ასევე ქუთაისში  ტექსტილის საწარმოს გახსნა. ამის შესახებაც ინფორმაცია მკითხველს უკვე მივაწოდეთ.  შპს „ქუთაისი -ტექსტილე“  ავტოქარხანაში ტექსტილის საწარმოს მოკლე პერიოდში გახსნის.  ინვესტორი ნედლეულს თურქეთიდან შემოიტანს, დამზადებულ პროდუქციას კი უცხოეთის ბაზარზე გაიტანენ. საწარმოს ადმინისტრასტორის განცხადებით,  კომპანია საწარმოსთვის 200 ადგილობრივ მუშახელს დაიქირავებს.

 ქუთაისით საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია დაინტერესდა, რომლის გენერალური დირექტორის, ოსმან ჩალიშქანის განცხადებით,   ქუთაისში  სამომავლოდ  ტექსტილის საწარმოების კომპლექსის ჩამოყალიბება, ეგრედ წოდებული მინი ქალაქის მშენებლობა იგეგმება.  ჩალიშქანის განმარტებით, მათი ასოციაცია წარმოადგენს შუამავალ რგოლს  სახელმწიფოსა და უცხოურ კომპანიებს  შორის.  "ინვესტორების სურვილია,  ქუთაისში ტექსტილის საწარმოები გახსნათ, რომელსაც  ტექნოტექსტილის მინიქალაქად აქცევენ.  მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ მოგვიძებნონ 100 ათასი კვ. მეტრი მიწა. ინვესტორი ქარხნების ასაშენებლად გვთხოვს  დახურულ ადგილს.  მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ველოდებით შედეგს",- აღნიშნა მან. 

რამდენიმე თვის წინ ასევე მინი ქალაქის მშენებლობისათვის  ქუთაისის საკრებულომ განიხილა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკის სამინისტროსათვის  უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი.

ტერიტორია  შერვაშიძის ქუჩაზე  დაახლოებით  240 606 კვ. მეტრს მოიცავს. ქალაქის მერის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საინვესტიციო კომპანია „აია ინტერტაიმენტთან“,  რომლის მეშვეობითაც ქუთაისში, შესაძლოა,  270 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდეს. აღნიშნული თანხით პარლამენტის მიმდებარედ  მინი ქალაქის მოწყობა იგეგმებოდა, სადაც ქალაქის   ინფრასტრუქტურა თავისი  გასართობი ცენტრებით, კაზინოებით, ავტოსადგომებით მოეწყობოდა.   შოთა მურღულიას განცხადებით, თუ  მოლაპარაკების პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს, ტერიტორია კვლავ ქალაქს დაუბრუნდება.  ჯერჯერობით აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სიახლე საზოგადოებისათვის ცნობილი არ გამხდარა. კითხვასზე პასუხს ვერც ეკონომიკის სამინისტროში გვცემენ.

ქუთაისში მილიონობით ევროს დახარჯვაზე საუბრობდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აქ  საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაპირებას იძლევა.   

გაცხადებული პროექტების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენელი   ამირან ძოწენიძე.

„საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის ალტერნატივად შემოთავაზება, ქუთაისისთვის დამღუპველი იქნება. ჩვენ ყველას გვაქვს სერიოზული ეჭვის საფუძველი, ხომ არ არის ეს იდეა ქუთაისიდან პარლამენტის წაღებისგან გამოწვეული პროტესტის შესარბილებლად შემოთავაზებული. ამ ეჭვს ისიც აძლიერებას, რომ რაღაც ძალიან გაიწელა ამ იდეის პრაქტიკული განხორციელება, მთელი ოთხი წელია მხოლოდ საუბარი გვესმის.  "მინი ქალაქის" მშენებლობაც  ისევ მხოლოდ იდეის დონეზეა.  ასეთი იდეა იყო მაგალითად, პარლამენტის მიმდებარედ ქუთაისი - წყალტუბოს საზღვარზე "ქალაქის" მშენებლობაც, რომლის გამოც ეკონომიკის სამინისტროსთვის სასწრაფოდ იქნა გადაცემული რამდენიმე ჰექტარი მიწა.  და რა მერე, მე ბოლო ორი კვირაა პარლამენტისკენ არ გამივლია და რა ხდება, გუგუნებს მშენებლობა?. რაც შეეხება ტექსტილის ფაბრიკას, ძალიან კარგი, მივესალმები ნებისმიერ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორს, რომელიც აქ ფულს ჩადებს და ქუთაისელებს დაასაქმებს”,- აღნიშნა ძოწენიძემ.

ქუთაისის განვითარების საკუთარ ვერსიაზე საუბრობს მერიის  ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი.  „პარლამენტი სასარგებლოა ქალაქისათვის, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი რამ,  რაც ქალაქს ფეხზე დააყენებს. ჩვენ სტრატეგიაში განსაზღვრული გვაქვს შვიდი ძირითადი მიმართულება ქალაქის განვითარებისათვის. მათ შორის ერთ-ერთი და მთავარი არის ადმინისტრაციული ფუნქციის გაძლიერება. ქალაქში მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ ქალაქი მრავალფუნქციური უნდა გახდეს და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მასტაბური პროექტების განხორციელება“, - აცხადებს კლდიაშვილი.

რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული პროექტების განხორციელება ქუთაისს,  ამის  შესახებ „ნიუპრესი“ „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“  იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ლევან ოყრეშიძეს  ესაუბრა.  მისი განცხადებით,  ქალაქი   მულტიფუქციურად უნდა განვითარდეს, რაც ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს. ის ამბობს, რომ ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსის მინიჭება ისეთივე არაეფექტური იქნება, როგორც საპარლამენტო ქალაქის. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული პროექტები  ქუთაისს ეკონომიკურ ეფექტურობას  არ მოიტანს. 

 „რთული სათქმელია,  ეკონომიური თვალსაზრისით რამდენად დიდ ეფექტს მოიტანს ქალაქისთვის  აღნიშნული პროექტების განხორციელება. ქალაქი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი პროექტით  შემოიფარგლოს.  მე ვერ ვხედავ იმ წინაპირობებს, რომ გვქონდეს განსაკუთრებული კონკურენტული უპირატესობა  დედაქალაქში ამ მიმართულებით არსებულ უნივერსიტეტებთან. მე პირადად  სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ საკითხზე.  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის გარკვეული რესურსები ინტელექტუალური თვალსაზრისით,  მაინც საგრძნობია  ე.წ ტვინების გადინების პრობლემა.  რაც შეეხება პარლამენტს, მე როგორც ერთ-ერთი  ეკონომისტი, ამ იდეის რეალიზაციით ეკონომიკურ ზრდას ვერ ვამჩნევ. ეს პროექტი თავიდანვე არაეფექტური იყო, თუმცაღა, იქედან გამომდინარე, რომ ინვესტიცია ქალაქში განხორციელდა,  პარლამენტის უკან დაბრუნება, კიდევ უფრო  დიდი ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით“, -  აღნიშნავს ოყრეშიძე. მისი თქმით,  თუ  რა მიმართულება შეიძლება განვითარდეს ქალაქში,  ამას ბაზარი უფრო ეფექტურად აჩვენებს. მთავარია,   მავნე რეგულაციებით არ შეიზღუდოთ ინიციატივიანი ადამიანები  და მიეცეთ  მათ განვითარების  საშუალება. „ჩვენი ქალაქის ამოცანაა  ისეთი გარემოს შექმნა, სადაც  საინტერესო იქნება  მუშაობა თანაქალაქელებისთვის. რაც  მეტი წარმატებული თანამოქალაქე გვეყოლება, მით უფრო წარმატებული ეკონომიკა გვექნება“, - ამბობს ოყრეშიძე.

 რა პროექტები განხორციელდება ქუთაისში და და რომელი მათგანი გახდება ქალაქის ეკონომიკისათვის წარმატების მომტანი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა