|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ - მამუკა ხაზარაძე

ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება, - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ წინააღმდეგ არსებულ "ფულის გათეთრების საქმეს" დაზარალებულები არ ყავს, დაზარალებულები თავად ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არიან. 

პროკურატურას, რაც იყო მოსალოდნელი, საერთოდ არ აინტერესებს, სიმართლის დადგენა. წინასწარ არის გამოტანილი განაჩენი, ეს არის ტიპიური საბჭოური პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის მართული პროკურატურა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს, მიაქანებს კი არა, უკვე ღრმად ვართ შესული დეპოში. ამიტომ, პროტესტის ნიშნად დავტოვე პროცესი. ამ პროცესს საქმე არ აქვს არანაირ სამართალთან და სამართლიანობასთან. საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი არგუმენტები, რომელიც მთელმა საზოგადოებამ დაინახა, ვინც არის იურისტი და ვინც არ არის. ყველამ დაინახა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარდა, არ ჰყავს მომჩივანი, არანაირი ფულის მითვისება არ ყოფილა და რაც მთავარია არანაირი “ფულის გათეთრება” არ ყოფილა, იმიტომ, რომ თანხა “თიბისი ბანკის” ფილიალშიც კი არ წასულა, ბანკის სათაო ოფისის შენობაც კი არ დაუტოვებია და ანგარიშები.

ყველას მინდა მოგმართოთ, აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ სასამართლოში სამი წელია დავდივართ, თუ არ გვინდა, რომ ასეთ საქართველოში ვიცხოვროთ, მაშინ ასეთი სასამართლო და ასეთი პროკურატურა არ უნდა გვქონდეს. თუ გვინდა, რომ ჭაობში ვიყოთ მერე ვიღაცას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რატომ არის ქვეყანა გაჭირვებული, გაღატაკებული და რატომ ტოვებენ ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ სამართალი სადაც არ არის,  იქ არ არის ინვესტიცია.

ინვესტიცია სადაც არ არის, იქ არ არის სამუშაო ადგილი. ამიტომ, რა მოლოდინი მაქვს?

ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად ვერ ვხედავ, მაგრამ ვიმეორებ, ბრძოლა გაგრძელდება. ამ სისტემის დემონტაჟი თუ არ გავაკეთეთ და რაღაც ახალი არ დავიწყეთ ამ ქვეყანაში, არაფერი გამოვა. ახლის დაწყება, პირველ რიგში, სამართლიანობის დადგენა და ისეთი ინსტიტუციების შექმნაა, სადაც მოქალაქეს და რიგით ადამიანს ექნება განცდა, რომ მას არ დაჩაგრავს სახელმწიფო მანქანა”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ავტორი: ნიუპრესი