|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გასაიდუმლოებული მშენებლობა ქუთაისის ცენტრში

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, პოლიციის ყოფილი შენობის ადგილზე, უკვე რამდენიმე თვეა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე არ არის განთავსებული საინფორმაციო დაფა, რაც აუცილებლობას წარმოადგენს. საკითხზე ზედამხედველობა კი მერიის შესაბამის სამსახურს ეკისრება. 

თუ რატომ მიმდინარეობს მშენებლობა ამ მოთხოვნის უგულებელყოფით, ამ კითხვაზე მერიაში გვიპასუხეს, რომ სამუშაოებს კერძო მესაკუთრე აწარმოებს, რომელიც  უკვე  დაჯარიმდა 3000 ლარით.

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სანტურიანის განმარტებით, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ მთავრობის #57 დადგენილების" თანახმად, დამკვეთმა უნდა  უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე თანხას ითვალისწინებს.  

ინფორმაციის მისაღებად, რომელიც საჯარო უნდა იყოს და კომპანიამ ის საინფორმაციო ბანერზე უნდა ჰქონდეს განთავსებული, როგორც ჩანს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაა საჭირო.

მერიის პრესსამსახურის განცხადებით, თუ რა შენდება მითითებულ ადგილზე და ვის მიერ, ამის გასაგებად ქუთაისის მერიისაგან საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ადგილზე დაწყებული სამუშაოების შესახებ "ნიუპრესი" ქალაქის მერიას გასული წლის ოქტომბერშიც დაუკავშირდა, სადაც გაგვიცხადეს, რომ ტეროტორია მართალია სახელმწიფო ბალანსზეა, თუმცა რა შენდება იქ,  ინფორმაცია არ აქვთ. 

 ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო შენდება, რაც  ისტორიულ უბანში დადგენილ  კოეფიციენტს ეწინააღმდეგება. "ნიუპრესის" წყაროს ინფორმაციით, მშენებლობას ბიზნესმენი კახა სანოძე აწარმოებს. შენდება საცხოვრებელი კორპუსი,  შენობის პირველი სართული კი კომერციული ფართების სახით გამოიყენება. 

 "ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშობას.

ავტორი: ირინა მაკარიძე