|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე: "დასანანია გატრუნული ქუთაისის ხილვა!"

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე  გია გოქაძე "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, კაპიტალური მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს. მისი განცხადებით, ეს კანონდარღვევაა, რასაც ქალაქის ხელისუფლებამ "მწვანე შუქი" აუნთო.

„საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ კაპიტალური მშენებლობის წარმოებას ეხება, რაც მიუღებელია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით - ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. ამასთანავე ძეგლის ვიზიალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს უშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას, ან შეამცირებს მის მნიშვნელობას“, - აცხადებს გია გოქაძე.   მისი განმარტებით,  საკითხს ისიც ამწვავებს, რომ მშენებლობას სკვერში მდებარე ნარგავებიც შეიძლება შეეწიროს.  გოქაძე საზოგადოებას აქტიურობისაკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით,  "ოქროს ჩარდახის" გვერდით დაწყებული მშენებლობა არავის მოსწონს, თუმცა ხმას არ, ან ვერ იღებენ.

„დასანანია გატრუნული ქუთაისის ხილვა! სად არის ამ პროცესის მონიტორი მაკონტროლებელი პოლიტიკური ოპოზიცია, როცა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს ეხებათ საკითხი? სად არიან ბუნების დამცველები, როცა სკვერს ანადგურებენ, რაზეც პარკირებაა დღესაც გამართული? ხელოვანები, როცა სკვერში განლაგებული ქანდაკებები კედელზე დასახვრეტად არის მიყუდებული? პროფესურა, გამორჩეული საზოგადოებები, ჩოხოსნები, საპატიო, თუ ღირსების ორდენოსანი ქუთათურები, რომლებიც საორმაისოდ მიადგებიან ხოლმე სასმისით ხელში ჩარდახის ეზოს და ქუთაისს სიყვარულს ეფიცებიან?“-აცხადებს გოქაძე.

"ოქროს ჩარდახი", რომელიც იმერეთის მეფეთა რეზიდენციას წარმოადგენს, შეტანილია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების სიაში, მიეკუთვნება გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს.

შეგახსენებთ, ტერიტორია შპს "ანასტასიას" სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ფართის სანაცვლოდ გადაეცა, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული. არსებული ინფორმაციით, რიონის სანაპიროზე ფირმა ორსართულიანი კვების ობიექტის მშენებლობას გეგმავს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა