ქუთაისში საკანალიზაციო წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა იგეგმება
ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვის სამინისტროს და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლებმა საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგების და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოადგინეს. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არ დაეწრნენ.
პროექტი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ქალაქებში წყალმომარაგების და წყალარინების პროექტის განხორციელებას. სამუშაოებს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" უზრუნველყოფს.
"პროექტის მიზანია ქუთაისში საკანაალიზაციო წყლებისთვის თანამედროვე ტიპის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც საკანალიზაციო წყლების გაწმენდას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქში გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა. ჩვენი კომპანია - შპს "კონსტ-კონსტანტინე" არის წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაქირავებული. საკანალიზაციო წყლის გაწმენდა ამ დროისთვის ქუთაისში არ ხდება, კანალიზაციის წყალი ჩაედინება მდინარეებში, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, მოხდება თანამედროვე ტიპის ნაგებობაში გაწმენდა, ნარჩენების გამოყოფა და გაწმენდი წყლის მდინარეებში გაშვება",-აღნიშნა "კონსტ-კონსტანტინეს" წარმომადგენელმა, გიორგი მჟაავამ.
მჟაავას თქმით, პროექტი რამდენიმე ქალაქში ხორციელდება. ქუთაისში აღნიშნული პროექტი როდის დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, თუმცა 2020 წელს ის დასრულებული უნდა იყოს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი