|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქაოტური მშენებლობები არქიტექტორის გარეშე დარჩენილ ქალაქში

    წინა ხელისუფლების მიერ გასხვისებული ტერიტორიები ქუთაისის ახალი მთავრობის „თავსატეხი“ გახდა. დავით აღმაშენებლის #58 ა  მიწის ნაკვეთზე, რომელიც ნინოშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაა, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპროტესტებენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, კორპუსის მშენებლობამ რეკრეაციულ ზონას საფრთხე შეუქმნა.

ნინოშვილის ბაღის მიმდებარედ, დაახლოებით ათი მეტრის დაშორებით, კორპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის საძირკვლის გაჭრა მიმდინარეობს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. მათი თქმით, მრავალსართულიანი შენობა ბაღის ტერიტორიას მიითვისებს.

„ნაცვლად იმისა, ხელისუფლება რეკრეაციული ზონის გაფართოებას ცდილობდეს, რაც არის, იმასაც ანადგურებს. ამ ქალაქში თავისუფალი ადგილის მეტი რა არის, აქ რომ არ აეშენებინათ კორპუსი. ამ სიახლოვეს ერთადერთი სკვერია, ბავშვები თამაშობენ და მოსახლეობა აქ იყრის თავს.  კორპუსი რომ აშენდება, სავარაუდოდ, ეს ბაღი იქ მცხოვრებლების ეზოდ გადაიქცევა, მეპატრონე საკუთარ ტერიტორიადაც გამოაცხადებს და საზოგადოება კიდევ ერთ დასასვენებელ  ადგილს დაკარგავს“, – აღნიშნავს ადგილობრივი სანდრო ჩეჩელაშვილი.

ბაღის დაკარგვის საფრთხესა და რეკრეაციული ზონის განადგურებაზე საუბრობს  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულიაც, რომელიც მიმდინერე მშენებლობას აქციით გამოეხმაურა და მერიას მშენებლობის შეჩერება მოსთხოვა.

„ნინოშვილის ბაღში რამდენიმე ხე მოჭრეს, დაწყებულ მშენებლობას ეწირება სკვერი, სადაც მოსახლეობა სუფთა ჰაერზე გამოდიოდა. ყველა ქალაქს გააჩნია გამწვანების გეგმა, რეკრეაციული ზონა, თუმცა ქუთაისში ამას არ ითვალისწინებენ. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მას არც ქალაქი უყვარს და არც ქვეყანა,“ - აღნიშნავს წულაია.

ბრალდებას ქალაქის მერია პასუხობს. არქიტექურის სამსახურში აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ მშენებლობა არა თუ სკვერში, არამედ არარეგისტრირებულ ავტოსადგომზე მიმდინარეობს, თუმცა შენობა ქალაქის ერთ-ერთი მთავარ ბაღს რომ ემიჯნება, ამაზე არაფერს ამბობენ.

 „აღნიშნული ტერიტორია არასოდეს ფიქსირდებოდა, როგორც სკვერი. მეტიც, აქ სატვირთო ავტომანქანების არარეგისტრირებული სადგომი, ასევე  შეშის სარეალიზაციო პუნქტი იყო, რაც საერთო ჯამში,  ანტისანიტარიას ქმნიდა. ოპოზიციას ვურჩევთ, ფაქტებით ილაპარაკოს და არა დაუზუსტებელი ინფორმაციით. მშენებლობის სანებართვო ღობე სცილდება საკადასტრო საზღვრებს, 558 კვ.მ-ს. რადგან დაცული იყოს მშენებლობისდროს უსაფრთხოების ყველა ზომა, მშენებელს მიეთითა, რომ მშენებლობის  მიმდინარეობის პროცესში, დაზიანებული საზოგადოებრივი სივრცეების, ტროტუარისა და გამწვანების ნაწილი აღდგენილ იქნას პირვანდელ მდგომარეობაში მშენებლობის დასრულებისთანავე, ხის მოჭრის შემთხვევაში კი,  მშენებელი კანონის შესაბამისად დაისჯება“, – აღნიშნავენ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში.

ხის მოჭრის გამო მშენებლის „კანონის შესაბამისად დასჯა“, დამამშვიდებელი  გარემოება სულაც არ არის,  მით უმეტეს, რომ ადგილის შემოღობვა უკვე დასრულდა და რამდენიმე ძირი ხე სამშენებლო მოედნის შიგნით მოექცა.  მაგალითები უკვე არსებობს, რომ მშენებლობის გვერდით ხეების ხმობა მალევე იწყება. ასე მოხდა „ჯაჭვის ხიდთან“ მდებარე სკვერში,  სადაც მშენებლობა ჯერ დაიწყეს, ცოტა ხანში კი, რამდენიმე მრავალწლოვანი ფიჭვის ხე გახმა,  მერე კი ამ მიზეზით მათი მოჭრა აღარავის გაძნელებია.  გახმობაში ხეებს  ვინმე „დაეხმარა“,  თუ ეს არახელსაყრელი გარემო ზემოქმედების შედეგად მოხდა, ამის გარკვევა შემდეგ არავის უცდია.

რა შენდება ნინოშვილის ბაღის მიჯნაზე რეალურად, ვინ აშენებს და რამდენად იქნება დაცული რეკრეაციული ზონის ტერიტორია?- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებას ადგილზე შევეცადეთ, თუმცა შემოღობილ  ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა  მშენებლობის ნებართვის აღმნიშვნელი აბრა. როგორც ზედამხედველმა გვითხრა, ძველი ნებართვა შემოღობვის დროს აიღეს და ახალს უახლოეს დღეებში განათავსებენ.   მშენებლობის ზედამხედველმა, სახელად თორნიკემ,  თავდაპირველად  განაცხადა, რომ  ობიექტის  მეპატრონის შესახებ  ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა შემდეგ აღნიშნა,  რომ კორპუსს ვინმე  დავით ბერძენაძე აშენებს, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და შესაბამისად, მასთან დაკავშირებასაც ვერ შევძლებდით.

ზედამხედველისგან განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის  ქალაქის მერია. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ,  "ნინოშვილის ბაღის მიმდებარეტერიტორია, 350კვ.მ. მიწის ფართობი 2009 წლის 25 თებერვალს რობერტ ზივზივაძემ დალალი ღონღაძემ შეიძინეს. 2014 წლის 23 იანვარს მიწის მიმდებარედ დარჩენილი ნაწილი 208კვ.მ კი საჯარო აუქციონის წესით შეიძინა თამაზ იჩქიტიძემ. 2014 წლის  16 აპრილს საჯარო რეესტრში ფიქსირდება, რომ თამაზ იჩქიტიძე არის ორივე ფართობის მფლობელი, გააერთიანა მიწის ნაკვეთები და 558 კვ.მ თავის მფლობელობაში დაარეგისტრირა.“

ტერიტორიის გასხვისების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2013 წელს გაჟღერდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ტერიტორიის რეალური მეპატრონე „ტორპედოს“ ყოფილი მფლობელი გრიგოლ ხურციძეა, რომელთან ერთადაც მესაკუთრედ იმერეთის ყოფილ ვიცე–გუბერნატორს, გოჩა თევდორაძეს მოიხსენიებდნენ. ხურციძემ ტერიტორია მეგობრის, თამაზ იჩქიტიძის სახელზე, წინა ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო გააფორმა, სწორედ ამ მიზეზით ხურციძე ადგილზე ბენზინგასამათი სადგურის მშენებლობა ვერ შეძლო. კორპუსის აშენების ნებართვა 2013 წელს მიიღო, მშენებლობა კი 2015 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. ტერიტორიის მფლობელობას არ უარყოფდა თავად გრიგოლ ხურციძე, თუმცა გოჩა თევდორაძის თანამფლობელობას არ ადასტურებდა.

მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა, მეპატრონე მშენებლობის შეჩერებას არ აპირებს, მიზეზად კი ტერიტორიის სტრატეგიულობას ასახელებენ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ფართის შეძენის მსურველი ადგილობრივ მოსახლეობაშიც ბევრია.

დაზიანდება თუ არა ბაღი და შეეწირება თუ არა მრავალწლოვანი ხეები კორპუსის მშენებლობას, ეს  მხოლოდ მისი დასრულებისას გახდება ცნობილი, თუმცა ასეთ  შემთხვევაში, მფლობელს,  სავარაუდოდ, არც მოსალოდნელი სანქციები შეაშინებს. ამით ბიუჯეტი იხეირებს,  შეცვლილ რეალობას კი აღარაფერი ეშველება.

 ქალაქის ტერიტორიაზე მსგავსი ქაოტური წესით  მიმდინარე მშენებლობები იმის შედეგია, რომ ქალაქს არ აქვს განვითარების ერთიანი გეგმა.  სტრატეგიული გეგმის შედგენა  ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა.  რამდენად მისაღებია ქალაქში ამგვარი ტიპის მშენებლობები, ამაზე პასუხს ქალაქის მთავარი არქიტექტორი უნდა იძლეოდეს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისს, ამ ეტაპზე, არც მთავარი არქიტექტორი ჰყავს.  

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი