ქუთაისის მერიის სამსახურს ტექნიკური მარილი გაუთავდა - გიგა შუშანია
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია აცხადებს, რომ მერიის სპეციალურ სამსახურს ტექნიკური მარილი არ აქვს, რის შესახებაც კომპანის თანამშრომლები საუბრობენ.
"ქუთაისის მერია და საკრებულო, სანამ კამერებთან პოზიორობას გადაწყვეტთ, რომ 24 საათი მუშაობთ და ყველა გზა გაწმენდილია, მანამ მიხედეთ ამ ადამიანებს. მანქანების ამოყვანაში მაინც დაეხმარეთ. მარილი რომ გაუთავდა შემსრულებელს და და იმიტომ ვერ აყრით, ამას უკვე თქვენი თანამშრომლებიც საუბრობენ", -წერს შუშანია.
ააიპი "სპეციალურ სერვისებში" შუშანიას ბრალდებას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ეს განცხადება სიმართლეს არ შეეფერება.
"დღეს, დილიდანვე დავიწყეთ გზის გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად იყრებოდა გზებზე ინერტული მასალა. პირველ რიგში, ტექნიკური მარილი დაიყარა ისეთ ადგილებზე, როგორიცაა ხიდები, გადასასვლელები და რელიეფურად ძნელად მისადგომი გზები, ვაგრძელებთ კიდევ მარილის დაყრას. მარაგი ამ წუთებისათვის, იმის გამო რომ ამინდი საიმედო პროგნოზს არ გვიჩვენებს, კიდევ შევავსეთ 60 ტონა ტექნიკური მარილით",-განაცხადა "სპეციალური სერვისების" პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, მოსული უხვი ნალექის გამო ქუთაისის გზებზე პრობლემები შეიქმნა.
ავტორი: ნიუპრესი