|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობის ფასადი ჩამოინგრა

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის #11-ში შენობის ფასადი ჩამოინგრა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, "ევროპული დემოკრატების" წარმომადგენელმა, ამირან ძოწენიძემ განაცხადა.
 ამ ადგილზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. ამასთან, ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა მიმდინარეობს.  ავარიული შენობის სიახლოვეს ყოფნა მოქალაქეებისათვის  დიდ საფრთხეს წარმოადგენს.  ძოწენიძემ თვითმმართველობის ხელმძღვანელებს პრობლემის გადაჭრისაკენ მოუწოდა.
 
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს. ის "შიტრიტ ჯგუფის" არის და ქალაქი  მის დემონტაჟს, ან  რეაბილიტაციას ვერ მოახდენს.
"ჩვენ მივწერეთ "შიტრიტ ჯგუფს", რომ თუ უბედური შემთხვევა მოხდება, მათ როგორც შენობის მესაკუთრეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება",-განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისი თქმით, არ იცის, როგორ მოხდა კომპანიისათვის ამ ქონების გადაცემა, თუმცა თუ ქალაქს დაუბრუნდება, თვითმმართველობა შენობას  მიხედავს.
შეგახსენებთ, ებრაულ კომპანიას "შიტრიტ ჯგუფს" ქალაქში არსებული 10-ზე მეტი შენობა -ნაგებობა წინა ხელისუფლების დროს გადაეცა. მათი დიდი ნაწილის უკან დაბრუნებაზე მოლაპარაკებას კომპანიასთან ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს.
 ქალაქის მერის განცხადებით, შენობის წინ ამკრძალავი ლენტი განთავსდება, რაც მოქალაქეებს ამორტიზირებული შენობის მიახლოებისაგან თავის არიდების ნიშანს მისცემს.

ავტორი: ნიუპრესი