"საკრებულოს კომისიებში საკითხების განხილვა არ ხდება"
კურიოზია პირდაპირ... ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომა და პროფესიით, არცერთი იურისტი...
ნეტავ რას იხილავენ და რაზე მსჯელობენ? -წერს საკრებულოს წევრი ნატო ნატო ქათამაძე.
1. ჯანაშია დათო-განათლება: 1980-1986წ ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე-
2. ყანჩელი ბექა -განათლება 1995-2000 წწ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტი. (იურიდიული განათლება კომისიის თავმჯდომარეს, კახი დვალიშვილს აქვს)
ნატო ქათამაძე ყურადღებას საკრებულოს მუშაობის არაპროფესიონალიზმზე ამახვილებს. მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა სხვა კომისიებში -"საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას რომ სპეციალობით ქიმია-ბიოლოგი უხელმძღვანელებს, აქ კომენტარიც კი ზედმეტია", -აღნიშნავს ნატო ქათამაძე. მისი თქმით, კომისიის სხდომებზე რეალურად არაფრის განხილვა არ ხდება. "საკრებულოს სხდომებზე რომ აცხადებენ, საკითხი კომისიის სხდომაზე განვიხილეთო, რეალურად კომისიებში არაფრის განხილვა არ ხდება", -აცხადებს ნატო ქათამაძე.
საკრებულოს წარმომადგენლები ნატო ქათამაძის კრიტიკას მიუღებლად მიიჩნევენ.
"კრიტიკა მხოლოდ იმისგან არის მისაღები, ვისაც შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია. ნამდვილად სასაცილოა, ასეთი კომენტარი. საკრებულოს არცერთ დეპუტატს არ აქვს იურიდიული განათლება, არც ქალბატონ ნატოს სამწუხაროდ. კომისია უნდა შედგებოდეს ნებაყოფლობით გაერთიანებული მინიმუმ სამი საკრებულოს წევრისაგან, ავღნიშნავ იმასაც, რომ კანონი არ გვზღუდავს კომისიის წევრების განათლების კუთხით. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ, კომისია არ იარსებებდა, რადგანაც არ ეყოლებოდა წევრები. იურიდიულ საკითხთა კომისია შედგებოდა 5 წევრისაგან, თუმცა იმ სამწუხარო ფაქტის გამო, თვეებია, რაც სამართალმცოდნე და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი და კომისიის აქტიური წევრი, ლაშა გვენეტაძე აღარ არის საკრებულოს წევრი და შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილებაც შეუწყდა. კომისია აქტიურად თანამშრომლობს საკრებულოსა და მერიის იურიდიულ განყოფილებების ხელმძღვანელებთან და თითქმის ყველა სხდომაზე ხდება მათი დასწრება, საკითხებზე მსჯელობა, შენიშვნების და მოსაზრებების გაჟღერება. როგორც აღნიშნეთ, თავად მაქვს იურიდიული განათლება მიღებული და აგრეთვე კომისიის უფროსი სპეციალისტი იურისტია. არ არსებობს არცერთი იურიდიული თემატიკის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნის გარეშე. ბრალდებები უბრალოდ უსუსურია", -განაცხადა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე კახი დვალიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი