კარდიოქირურგია - მკურნალობა თანამედროვე ტექნოლოგიებით
კარდიოქირურგია კომპლექსური დარგია, რომელიც განსაკუთრებულად სპეციალიზებულ მედპერსონალს და შესაბამისი ტექნიკური ბაზის ქონას მოითხოვს. კარდიოქირურგიის განვითრება შეუძლებელია იქ, სადაც არ არის მოწესრიგებული კარდიოლოგიური მომსახურეობა. “დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში“ კი პციენტებს კარდიოლოგიურ მომსახურეობასთან ერთად კარდიოქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში დახმარებას აუცილებლად გაუწევენ.
„ნიუპრესი" სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგს და კარდიოქირურგს ესაუბრა და გაარკვია, თუ როგორ ხდება პაციენტების მკურნალობა და რა მომსახურებებს სთავზობს
კარდიოქირურგიის მხრივ “დასავლეთ საქართველოს რეფერალური ჰოსპიტალი“ თავის პაციენტებს.
პირველ რიგში, დავინტერესდით, გულის დაავადებებიდან რას უფრო უჩივიან პაციენტები. როგორც ზურაბ კლიმიაშვილი
გვიხსნის, პაციენტების მომართვიანობის ძირითადი მიზეზი გულის იშემიური დაავადების გამწვავება-მიოკარდიუმის ინფარქტი
და არასტაბილური სტენოკარდიაა. კლინიკაში პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ასევე ხშირი
მიზეზია გულის მწვავე უკმარისობა, რომლის გამომწვევიც, იშემიურ დაავადებასთან
ერთად, ხშირად გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანებაა.
- ბატონო ზურაბ, დაავადების რა ეტაპზე მოგმართავენ პაციენტები?
- გულსისხლძარღვთა დაავადებები წლების მანძილზე ვითარდება, სამწუხაროდ, პაციენტები ყურადღებას არ აქცევენ საწყის ეტაპზე მსუბუქად გამოხატულ სიმპტომებს და ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავენ,
როცა ჩივილები აუტანელი ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულის დაავადება უკვე
მძიმე ფორმებამდეა მისული. მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევაშიც თუ პაციენტი
სიმპტომების დაწყებიდან მალევე მიიღებს გადაწყვეტილებას და დროულად მიმართავს ექიმს,
თანამედროვე კარდიოლოგიას საკმარისი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებები
გააჩნია იმისათვის, რომ ადამიანს პრაქტიკულად ჯანმრთელი გული შევუნარჩუნოთ. ჩვენს კლინიკაში ძალიან დაგვიანებულ
შემთხვევებშიც კი არამარტო სიცოცხლე შევუნარჩუნეთ პაციენტებს, არამედ პრაქტიკულად
ჯანმრთელი გულიც.
- რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ ჩივილებით?
- ძირითადად პაციენტთა ასაკი ზუსტად იმეორებს იმ ფარგლებს, რაც ზოგადი სტატისტიკით გულსისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებისთვისაა დამახასიათებელი. ეს არის მამაკაცებში 40 წელი და
ზევით, ქალებში მენოპაუზის შემდგომი
პერიოდი. თუმცა უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანებშიც საკმაოდ
გახშირებულია გულსისხლძარღვთა
დაავადებები და მათი გართულებები.
- რა სახის მომსახურეობის მიღება შეუძლიათ პაციენტებს?
- ჩვენს ჰოსპიტალში
პაციენტებს ვთავაზობთ პრაქტიკულად სრულ კარდიოლოგიურ სერვისს,
რაც გულისხმობს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურეობას. კლინიკაში გულის მწვავე დაავადებით მოხვედრილი პაციენტისათვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაციონარის გამართული მუშაობა. დაავადების სიმძიმის
პირველი შეფასება და საწყისი მკურნალობა (ჩივილების შემცირება/მოხსნა) ინტენსიური
კარდიოლოგიის ბლოკში ხდება, აქვე ხდება გადაწყვეტილების მიღება- სჭირდება თუ არა
პაციენტს ე.წ. ინვაზიური ჩარევა (მოსახლეობისათვის უკვე ნაცნობი ტერმინია
კორონაროგრაფია), რომელიც გულისხმობს გულის სისხლძარღვების გამოკვლევას. ამ დროს ზუსტად ხდება სისხლძარღვების
შემოწმება და დადგენა იმისა, თუ რამდენი
სისხლძარღვი რა დონითაა დაზიანებული. ამ გამოკვლევის შედეგების მიხედვით მიიღება
გადაწყვეტილება - პაციენტს შევიწროვებული/დახშული
სისხლძარღვის გაფართოება „სტენტირება“ ჩაუტარდეს თუ კარდიოქირურგიული, ე.წ.
„შუნტირების“ ოპერაცია. უნდა
აღვნიშნო, რომ კარდიოლოგიური სამსახურის თითოეული რგოლი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული, რასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს
დროული და წარმატებული გადაწყვეტილებების მისაღებად. აღნიშნული სერვისი ჩვენს
კლინიკაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
xxx
ზურაბ კლიმიაშვილთან ერთად პაციენტებს კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე ემსახურება. იგი გერმანიიდან
გასული წლის ნოემბერში დაბრუნდა და
წარმატებით განაგრძობს „დასავლეთ
საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში“ მოღვაწეობას.
ნიკოლოზ ვაშაყმაძემ 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო
სამედიცინო უნივერსიტეტი. შემდგომში სწავლა
განაგრძო კოლნის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე (გერმანია). 2003 წელს
წარმატებით დაასრულა საუნივერსიტეტო განათლება სახელმწიფო გამოცდით და შეუდგა
საექიმო საქმიანობას ჯერ ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოქირურგიის
განყოფილებაში (ბად კროცინგენი), ხოლო შემდგომში ნორდრაინ-ვესტფალენის გულისა და
დიაბეტის ცენტრში (ბად ოეინჰაუზენი). 2011 წლიდან იგი ოლდენბურგის საუნივერსიტეტო
კლინიკის სერტიფიცირებული კარდიოქირურგია.
- ბატონო ნიკოლოზ, თქვენ რა ასაკის პაციენტებთან გაქვთშეხება?
- კარდიოქირურგიაში
ძირითადი კონტიგენტი 60 წელზე ზევით პაციენტებია. თუმცა საქართველოში გულსისხლძარღვთა სისტემის
დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავებულია და პაციენტებს შორის გვხვდებიან 40 წლის
ზემოთ მამაკაცები და ქალები. მაქსიმალური ასაკი, ჩვენს მიერ ოპერირებულ
პაციენტებში, ჯერჯერობით 78 წლით იფარგლება. გვყავს ერთი 84 წლის ქალბატონი,
რომელიც თუკი გადაწყვეტილებას მიიღებს, დიდი ალბათობით, უარს არ ვეტყვით.
თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. ქუთაისში დავნერგეთ 70 წელზე
ზემოთ პაციენტებში ბიოლოგიური სარქვლების იმპლანტაცია. ასეთ პაციენტებს აღარ
სჭირდებათ სისხლის გამათხელებლების (ვარფარინის) მიღება მთელი სიცოცხლის მანძილზე
და დაზღვეული არიან ისეთი გართულებებისაგან, როგორიცაა სისხლდენები (დიდი დოზით
მიღების შემთხვევაში) ან თრომბოზებისაგან (ვარფარინის მცირე დოზით მიღების
შემთხვევაში). ბიოლოგიურ სარქვლებს აქვთ უარყოფითი მხარეც. მათი ფუნქციონირება
10-12 წლითაა შემოფარგლული და ამიტომ 70 წლის ზემოთ პაციენტებისათვის არის
მიზანშეწონილი. ევროპაში ბიოლოგიური სარქვლების იმპლანტაციისათვის ასაკი 65 წელზე
ქვემოთაა დასული. ყოველწლიურად ახალ საფეხურზე გადადის ბიოლოგიური სარქვლების
მინიმალინვაზიური იმპლანტაციის ტექნოლოგია, რომელიც 10-12 წლის შემდეგ ფუნქციადაკარგული
ბიოლოგიური სარქვლის სისხლძარღვის გავლით, ახალი პროთეზით ჩანაცვლების საშუალებას
მოგვცემს. ამიტომ ბიოლოგიური პროთეზების იმპლანტაციის ასაკმა ევროპაში მკვეთრად
დაიწია. პაციენტები თავისუფალი არიან სისხლის გამათხელებლების ყოველდღიური
აბებისაგან და მათი გართულებისაგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის
სიცოცხლეც კი შეიწიროს. ჩვენს ჰოსპიტალში,
ნოემბრის შემდეგ 7 ასეთი ოპერაცია ჩატარდა წარმატებით.
- რა სახის ოპერაციები ტარდება დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში?
- ჩვენთან კეთდება ყველა სახის ოპერაცია - კორონარული არტერიების შუნტირება სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატის თანხლებით, ისევე როგორც სისხლის ხელოვნური მომოქცევის აპარატის გარეშე, მომუშავე გულზე, სარქვლოვანი აპარატის პლასტიკა, პროთეზირება. აღმავალი აორტის და რკალის პროთეზირება. დიდ კონტიგენტს შეადგენენ მწვავე პაციენტები, რომლებსაც სასიცოცხლო ჩვენებით ესაჭიროებათ ქირურგიული დახმარება. მოგეხსენებათ, პაციენტებს საქართველოში ბოლო წუთამდე უჭირთ მოსვლა. დავიწყეთ ისეთი მძიმე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა, როგორიცაა აორტის აშრევება. ასეთი პაციენტები თითქმის სრული ალბათობით იღუპებიან ოპერატიული ჩარევის გარეშე პირველ 24 საათში. დროის მცირე მონაკვეთში შევძელით ქირურგიული ჩარევების სპექტრი სრულად გაგვეშალა და დღეს კარდიოქირურგიული მკურნალობის სრულ სპექტრს ვთავაზობთ პაციენტებს. ერთი კვირის წინ ოზურგეთის კლინიკიდან მივიღეთ 63 წლის ქალბატონი კარდიოგენურ შოკში. პაციენტმა შემოსვლისას გააჩერა გული, ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები წარმატებით, რამდენიმე წუთში გაუკეთდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, ჰემოდინამიკური მაჩვენებლების სტაბილიზაციის შემდეგ გადაყვანილი იქნა კარდიოქირურგიულ საოპერაციოში, სადაც სისხლის ხელოვნური მიმოქცევის ფონზე ჩაუტარდა კორონარული შუნტირება. ევროსკორით (ევროპულ ხარისხის კონტროლზე დაფუძნებული სტატისტიკით) ოპერაციისას პაციენტის დაღუპვის ალბათობა 60%-ს აღემატებოდა. თქვენ ხვდებით, რა სირთულის პაციენტებს მკურნალობაზე არ ვამბობთ დღეს ქუთაისში უარს?! დღეს ვამაყობთ, რომ პაციენტმა ოპერაცია კარგად გადაიტანა და ამ დღეებში ბინაზე ჯანმრთელი გაეწერება. მინდა ხაზი გავუსვა ჩემი კოლეგების ღრმა პროფესიონალიზმს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პაციენტის მკურნალობაში. მხოლოდ კარგად ჩამოყალიბებული გუნდი იძლევა ასეთი შედეგების მიღწევის საშუალებას.
- როგორია გეგმიური და არაგეგმიური ოპერაციების თანაფარდობა?
- ჩვენ 24-საათიან რეჟიმში
ვმუშაობთ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ,
მწვავე პაციენტების კონტიგენტი საკმაოდ მაღალია. ეს მრავალი ფაქტორითაა განპირობებული.
პირველ რიგში, პაციენტის დაგვიანებული მომართვიანობით.
- ბატონო ნიკოლოზ, თქვენ ფართოდ ისაუბრეთ სიახლეების შესახებ კარდიოქირურგიაში. კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში?
- იდეა საკმაოდ ბევრია. ჩვენი კლინიკა მჭირდროდ თანამშრომლობს ოლდენბურგის (გერმანია) და გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკებთან. ვფიქრობთ, თანამშრომლობის ხელშეკრულებების დადებას უახლოეს თვეებში, რომელზეც უცხოელი კოლეგების თანხმობა უკვე გვაქვს. ქართველი პაციენტებისათვის ეს გულისხმობს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეტაბლირებას ქუთაისში. უახლოეს მომავალში იგეგმება ოპერაციები ქუთაისში მინიინვაზიური მეთოდით.
- ბატონო ნიკოლოზ, რას გულისხმობს მინი ინვაზიური მეთოდი?
- მეთოდი
გულისხმობს ახალი ტექნოლოგიებისა და სპეციალურად
შემუშავებული ინსტრუმენტების მეშვეობით ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას 6-7 სანტიმეტრიანი განაკვეთით, მკერდისძვლის
გახსნის გარეშე. ამ მეთოდით შესაძლებელია,
მაგალითად მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების, წინაგულთა შუაძგიდის დეფექტის, გულის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა.
xxx
„ნიუპრესთან“ საუბარში ორივე ექიმი აღნიშნავს, რომ
გულსისხლძაღვთა დაავადებების თავიდან ასაცილებად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და
ექიმთან დროული კონსულტაცია აუცილებელია. სპეციალისტების რეკომენდაციაა სწორი კვება, ძილი და დასვენება.
ავტორი: ანა ჯიქია