|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ალდაგი“ ქუთაისში საავამდყოფოებს ჰყიდის?!

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიმ“ რომელიც  ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებების ფართო სპექტრს ფლობს, შესაძლოა, კუთვნილი საავადმყოფოები დათმოს. როგორც „ახალი გაზეთისთვის“ გახდა ცნობილი,  საუბარია ონკოლოგიურის, წმინდა ნიკოლოზის სამედიცინო ცენტრისა და სამხარეო კლინიკური საავამდყოფოების გასხვისებაზე. სადაზღვევო კომპანია საკუთრებაში მხოლოდ ინტერვენციული მედიცინის ცენტრს დაიტოვებს.

„ალდაგი ბისიაიმ“  ქუთაისში არსებული სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა გასული წლის  შემოდგომაზე შეისყიდა და საავადმყოფოები შვილობილ კომპანიას „ჩემი ოჯახის კლინიკას“ ჩააბარა. გასხვისების  პროცესს  დაწესებულებებში რეორგანიზაცია, სამედიცინო პერსონალის შემცირება და სამედიცნო მომსახურების ღირებულების გაზრდა მოჰყვა, რამაც მედიკოსებისა და პაციენტების უკმაყოფილება თანაბრად გამოიწვია. ასევე, გაიზარდა  კომპანიის სადაზღევო პაკეტის მფლობელ პირთა რაოდენობაც. თუმცა დაზღვეულები კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმ კუთხით, რომ ეს უკანასკნელი მათთვის სასურველ სამედიცინო მომხსახურებას ხშირ შემთხვევაში არ აფინანსებდა.

როგორც „ახალი გაზეთის“ წყარო აცხადებს,  სადაზღვევო კომპანია  დაზღვეულთა მოთხოვნებს ვერც ამ ეტაპზე  უმკლავდება და დაზღვეულების მიერ გამოყენებული პოლისის ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. რის გამოც „ალდაგი ბისიაის“  მფლობელობაში არსებული დაწესებულებების გაყიდვის  საკითხი დღის წესრიგში დადგა.

სადაზღვევო კომპანიის მიერ საავადმოფოების გასხვისების მორიგ მიზეზად ის ფაქტიც სახელდება, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში „ალდაგი ბისიაი“  კიდევ ერთი სადაზღვევოს, „იმედი ელის“  აქციების 100%-ის მფლობელი გახდა. რომლის შედეგად, თუ ამ დრომდე „ალდაგი ბისიაი“ სადაზღვევო ბაზრის 22.5%-ს ფლობდა, „იმედი ელის“ შეძენის შემდეგ კომპანიამ ბაზრის 33.3%-იანი წილი დაიკავა და ქართული სადაზღვევო ბაზრის ლიდერი გახდა.

როგორც ცნობილი ხდება, კომპანიას ახალი ვალდებულებების აღებამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა. რასაც კომპანიის დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოჰყვა. რის შემდეგ თითოეულმა კომპანიაში თავისი წილი მოითხოვა. „ალდაგი ბისია“ ამ ეტაპზე ხელფასებს გასცემს, თუმცა  დაზღვეულების მომსახურება უჭირს.

არსებული ინფორმაციით, „ალდაგი ბისიაი“ მოლაპარაკებებს სადაზღვევო კომპანია  „ირაოსთან“ აწარმოებს.

ქუთაისში, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ დაქვემდებარებაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში  გასხვისების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ყოფილ ონკოლოგიურსა და წმინდა ნიკოლოზის სამედიცინო ცენტრში (რეორგანიზაციის შემდეგ აღნიშნული დაწესებულებები გაერთიანდა)  „ალდაგი ბისიაი“ და სადაზღევო კომპანია „ირაო“ ერთად ფუნქციონირებენ.  აღნიშნული ცენტრი, „ალდაგის“ მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, ონკოლოგიური ბირთვის ძირითადმა შემადგენლობამ დატოვა და ქუთაისის საეკლესიო საავამდყოფოში გადაინაცვლა. ხოლო  წმინდა ნიკოლოზის სამედიცინო ცენტრიდან აპარატურა ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობაში  გადაიტანეს. წმინდა ნიკოლოზის სამედიცინო ცენტრს კი პაციენტები მხოლოდ ქირურგიული ჩარევისთვის მიმართავენ.

გასხვისების შესახებ ინფორმაციას არც ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში ადასტურებენ. საავადმყოფოს  ხელმძღვანელის  კოტე ხელაძის თქმით,  მას  მსგავსი არაფერი სმენია და მისთვის უცნობია, საიდან ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია. როგორც ხელაძე ამბობს, კომპანიას არც სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების კუთხით აქვს პრობლემა.

„არა მგონია „ალდაგს“ რამე უჭირდეს. ჩვენთან ვინც მოდის და საგარანტიო ფურცელი მოაქვს, ყველას ვემსახურებით. ახალი დაზღვეულების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მომართვიანობა. დღეში რამდენი ადამიანი გვაკითხავს, ამას ვერ გეტყვით, რადგან ეგ უკვე კომერციული საიდუმლოებაა,“ - ამბობს კოტე ხელაძე.

„ახალი გაზეთი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანია „ალდაგი ბისიაის“ დაუკავშირდა. სადაზღვევო კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაია ივჩენკომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია. მისი თქმით, კომპანიას არც ფინანსური პრობლემები აქვს და არც საავადმყოფოების გაყიდვას გეგმავს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე