ქუთაისის კლინიკებში პაციენტებისათვის ბრძოლა დაიწყო
ქუთაისში არსებული პოლიკლინიკები სახელმწიფო დაზღვევის მისაღებად მოქალაქეებს მათი სურვილის გარეშე, თავად არეგისტრირებენ. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, დაზღვეულთა მეტი რაოდენობის მოსაზიდად პოლიკლინიკები და მათი მედპერსონალი არც აგიტაციასა და კონკურენტად მიჩნეული კლინიკების ჩაძირვას ერიდებიან.
სამედიცინო დაზღვევის ახალი პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, მოქალაქეს უფლებას აძლევს სამედიცინო დაწესებულება არა ადგილმდებარეობის, არამედ სურვილის მიხედვით შეარჩიოს. თუმცა, როგორც newpress-ს რამოდენიმე მოქალაქემ აცნობა, პოლიკლინიკაში დასარეგისტირებლად მისვლისას, ისინი უკვე სხვა სამედიცინო დაწებულებაში დაზღვეულები აღმოჩნდნენ. თუმცა, შესაბამისი განცხადებით აღნიშნული პოლიკლინიკისათვის არ მიუმართავთ. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის შევსებულ განცხადებაზე აღმოაჩინეს მათივე ხელმოწერები.
სამედიცინო დაზღვევის ახალი პროექტით დაზღვევა იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ამ დრომდე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. კერძოდ, საუბარია 6 წლიდან 60 წლამდე ასაკის ქალებსა და 6 წლიდან 65 წლამდე ასაკის მამაკაცების დაზღვევაზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ 71 თეთრით გაზარდა (1.11 ლარი) ერთი ადამიანის დაზღვევის ღირებულება. ამიტომ, სამედიცინო დაწესებულებები ერთმანეთის ბენეფიციარების მოსაზიდად აგიტაცია-პროპაგანდას არ იშურებენ.
ქუთაისის №4 პოლიკლინიკის მთავარი ექიმის ბეჟან მამაგეიშვილის თქმით, მათი დაწესებულების ბენეფიციართა რაოდენობა ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 20-25%-ს მოიცავს. როგორც მამაგეიშვილი ამბობს, თუ ერთი თვის ვადაში მოქალაქე პოლიკლინიკას არ მიაკითხავს და დაზღვეულთა ერთიან სიაში მოსახვედრად განცხადებას არ დაწერს, მას დაზღვევა უუქმდება. მამაგეიშვილი პოლიკლინიკების მიერ, მოქალაქეების დარეგისტრირებას მათი სურვილის გარეშე, სწორედ ამ მიზეზებით ხსნის.
„როდესაც მოქალაქე ჩვენთან მოდის და აღმოაჩენს, რომ დაზღვეული არ არის, ჩვენ გვექმნება პრობლემები. ამიტომ, ხდება ასეთი რამ, რომ უბნის ექიმი მიდის ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც დაწესებულებას არ მიაკითხეს, ოჯახის წევრების ან მეზობლების ინფორმაციით ისინი სიაში შეჰყავს და საავადმყოფოში ბენეფიციარებად არეგისტრირებს. ჩვენ გვირჩევნია ადამიანები სხვისი ინფორმაციით შევიყვანოით სიაში, ვიდრე ისინი დაზღვევის გარეშე დარჩნენ," - ამბობს ბეჟან მამაგეიშვილი.
№4 პოლიკლინიკის მთავარი ექიმის თქმით, აღნიშნულ პროცესში პოლიკლინიკები და მათი მედპერსონალი სხვა პოლიკლინიკების მისამართით ანტირეკლამას ეწევიან.
„სხვა პოლიკლინიკის ექიმი მიდის იმ უბანში, რომელიც ჩვენს პოლიკლინიკას ეკუთვნის და ჩვენთან დაზღვეულებს ეუბნება, რომ მათი დაწესებულება კარგია და სადაც ის დაეზღვია ცუდი," - ამბობს მამაგეიშვილი.
დაზღვევის ახალი პაკეტი სისხლის, შარდის ანალიზს, კარდიოგრამასა და შაქრის ანალიზის გაკეთებას მოიცავს.
პოლიკლინიკებს შორის კონკურენციისა და ერთმანეთის ბენეფიციარების მიტაცების პროცესს ჯანსაღ კონკურენციად აფასებენ ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრში. დაწესებულების დირექტორის მერაბ კვიცარიძის თქმით, მოქალაქემ ის პოლიკლინიკა უნდა აირჩიოს, რომელიც მას საუკეთესო სერვისს სთავაზობს. კვიცარიძე თვლის, რომ სხვა პოლიკლინიკებთან შედარებით, მათ დაწესებულებას უპირატესობები გააჩნია. მიუხედავად ამისა, დაზღვეულების მათ ბენეფიციარებად გასაფორმებლად პოლიკლინიკას ძალისხმევა მაინც სჭირდება. კერძოდ, როგორც კვიცარიძე ამბობს, ე.წ. სადაზღვევო აგენტები მოქალაქეებს ბინაზე აკითხავენ. მათ კლინიკაში არსებულ ყველა სერვისს სთავაზობენ, აკეთებენ აგიტაცია-პრიპაგანდას და მოქალაქეებს განცხადებებზე ბინაზევე აწერინებენ ხელს.
ბენეფიციარების მოსაზიდად კლინიკებს შორის არსებულ „ომთან" დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და თავად პოლიკლინიკების გადასაწყვეტია.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე