|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის არ აწყობს საკრებულოს დროებითი ჯგუფის თავმჯდომარედ ნატო ქათამაძის დანიშვნა?

ქუთაისში გასხვისებული შენობა–ნაგებობები და მიწის ნაკვეთები დავის მიზეზი ხდება. მოსახლეობამ აქცია არაერთხელ გამართა და მიტაცებული სკვერის დაბრუნება მოითხოვა. მათი განცხადებით,  წინა ხელისუფლებამ სკვერები გაასხვისა, რის გამოც მათ პრობლემა ექმნებათ.

მოსახლოების პრობლემის გადასაჭრელად დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეით საკრებულოზე არაერთხელ გამოვიდა "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე.

 "ჩემი იდეაა და შესაბამისად, მე უნდა ვყოფილიყავი ჯგუფის თავმჯდომარე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს  ვიღაც–ვიღაცეებს არ აწყობს. რადგან მე არ ვარ მარტივად სამართავი, ჩათვალეს, რომ  მათ პრობლემა შეექმნებოდათ, ამიტომ გააჩერეს საკითხი. ხმები მოდის ჩემამდე, რომ მიზანმიმართულად ხდება საკითხის გაჭიანურება",–აცხადებს ნატო ქათამაძე.

მაჟორიტარი დეპუტატის  ინიციატივა დროებითი ჯგუფის შექმნას გულისხმობდა, რაც თვითმმართველობის მიერ 2006-2015 წლებში გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხის შესწავლას მოახდენდა. საკითხმა იდეის დონეზე მოწონება დაიმსახურა და იურიდიულ საკითხთა კომისიაზეც წარმატებით გაიარა, თუმცა მოულოდნელად საკითხი საკრებულოს დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიზეზი, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, იურიდიული კომისიის მიერ საკითხის შუესწავლელობა დასახელდა. ცვლილებამ საკრებულოს დეპუტატის პროტესტი გამიწვია და საკრებულო საკითხის მიზანმიმართულ  გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

"გაყიდული ობიექტების გამო დღეს მოსახლოებას პრობლემა ექმნება. ჩემს სამაჟორიტარო უბანში ადგილობრივები აქციებს მართავენ, რადგან "ნაციონალების" მიერ გასხვისებული ობიექტების გამო მათ დასასვენებელი ადგილი აღარ რჩებათ. ჩვენ სწორედ ამ მოსახლეობამ აგვირჩია და მათ მიმართ პასუხისმგებლები ვართ, ამიტომ მოვითხოვე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომ შეგვესწავლა წინა და ახალი მთავრობის მიერ გასხვისებული ობიექტების მიზანშეწონილება. რამდენად კანონიერად გასხვისდა და ვინ დგას ამ ობიექტების უკან", –განაცხადა ქათამაძემ. ის საკრებულოს დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის მიზეზად  მის შესაძლო თავმჯდომარეობას ასახელებს. 

დეპუტატის თქმით, მას ჰქონდა სავარაუდო სია, ვინ შეიძებოდა ყოფილიყვნენ ჯგუფის წევრები. ისინი, როგორც საკრებულოს მოქმედი დეპუტატები, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები იქნებოდნენ, რომ საკითხი არა ზედაპირულად, არამედ პროფესიონალურ დონეზე შესწავლილიყო.

საკრებულოს წინა სხდომაზე საკრებულომ კომისიის დებულება  დაამტკიცა. თუმცა თავმჯდომარისა და წევრების არჩევას მხარი არ დაუჭირა და სამომავლოდ გადადო. როგორც თავმჯდომარე აცხადებდა, საკითხი შესწავლას საჭიროებდა.

 დავით დვალი იმედოვნებდა, რომ დეპუტატები  საკრებულოს მომავალ სხდომაზე  წარდგენილი კანდიდატებიდან ღირსეულს დაუჭრდნენ მხარს.

 „დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არჩევა მოხდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 25 მაისს, რაც უკვე საზოგადოებისათვის ცნობილია 18 მაისიდან, სხდომის ჩატარების და დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ გამოცემული ბრძანების შესაბამისად. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რამდენ კანდიდატს შორის მოხდება არჩევანის გაკეთება, თუმცა ფრაქცია "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ეყოლება თავის კანდიდატი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვის დაუჭერს მხარს საკრებულოს ყველაზე მრავალწევრიანი ფრაქცია. რაც შეეხება ჯგუფის შემადგენლობას, მას უკვე შემდგომ წარმოადგენს თავმჯდომარე დასამტკიცებლად, თუმცა მადლობა მინდა ვუთხრა ფრაქციებს, რომლებმაც უკვე გასწიეს სამუშაო და წარმოადგინეს ჯგუფის წევრობის კანდიდატები“–განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

  ჯგუფის შექმნას მხარი საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც დაუჭირეს. თუმცა,  ფრაქციის თავმჯდომარე, დავით გოგისვანიძე აცხადებდა, რომ დროებითი ჯგუფი ფორმალური ხასიათის იქნება. მან ასევე შენიშვნა გამოთქვა ვადებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, უმჯობესი იყო, კომისიას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გასხვისებული ქონების კანონიერებაც  შეესწავლა, რაზედაც უპასუხეს, რომ თვითმმართველობამ ობიექტების გასხვისება 2006 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, შესწავლაც ამ დროიდან მოხდება.

ოპონენტების  ეჭვების გასაქარწყლად ჯგუფში შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალების ჩართვას ცდილობდა ნატო ქათამაძე. მისი თქმით, საქმეები შესწავლის შემდეგ გამოსაძიებლად და რეაგირებისათვის პროკურატურას გადაეგზავნება.

სამუშაო ჯგუფის  შექმნის მომხრეა ქალაქის მერიც.  შოთა მურღულიას განცხადებით, საკითხი საკრებულომ უნდა შეისწავლოს და გადაწყვეტილება მიიღოს. მისივე თქმით, მისი მერობის პერიოდში სკვერების გასხვისება არ ხდება, სამაგიეროდ მას წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული სკვერების ადგილმონაცველობა უხდება. ერთ–ერთი მსგავსი ფაქტის გამო მერიის წინააღმდეგ აქციები გამართეს და თვითმმართველობას კაფე "არგოს" მშენებლობის შეჩერება მოსთხოვეს, რაზედაც მერიამ უარი მშენებლობის ნებართვის გამო თქვა.

საკრებულოს  25 მაისს სხდომაზე  დროებითი ჯგუფის თავმჯდომარე უკვე აირჩიეს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, გია ქობალიანი, რომელიც ამ პოსტზე დაამტკიცეს,   ჯგუფის წევრებს თავად შეარჩევს, თუმცა   ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან ისინი და როდიდან დაიწყებს ჯგუფი მუშაობას. ცნობილია ის, რომ ჯგუფს ბევრი სამუშაო ექნება და 10 წლის საქმეების შესწავლა მოუწევს. მოხდება თუ არა შესწავლილი და აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორება, ამაზე საუბარი ნაადრევია. ვიდრე საკრებულოს ახალი ჯგუფი მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას შეასრულებს, მოსახლოებას მწვანე საფარის დაცვა საკუთარი ძალებით მოუხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი