საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - რა ხდება დედაქალაქსა და რეგიონებში?
ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლასთან ერთად ადგილობრივმა ხელისუფლებამ მგზავრობის ღირებულების გაზრდაზე დაიწყო საუბარი, თუმცა საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქციის შემდეგ გადაწყვეტილება სისრულეში ვეღარ მოიყვანა. ამ დრომდე ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 40 თეთრი რჩება. თუმცა ელექტრონული გადახდის სისტემის დანერგვა და სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის მგზავრობის შეღავათების დაწესება ქუთაისისათვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
ვნახოთ, ამის პარალელურად, რა ხდება დედაქალაქში - თბილისში ელექტრონული გადახდის სისტემის სრულად დანერგვის შედეგად, საერთო ჯამში, მოქალაქეებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იაფდება. 1-ელი აპრილიდან მგზავრობის საფასურის ინტეგრირებული გადახდის სისტემაში მეტრო, ავტობუსები და ახალი ლურჯი ავტობუსები ჩაერთვება. ამ სისტემით, მოქალაქეები საათნახევრის განმავლობაში შეძლებენ ერთი გადახდის შემდეგ უფასოდ იმგზავრონ როგორც მეტროში, ასევე ავტობუსსა და ლურჯ მიკროავტობუსში. საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრი ისევ ჩვეულებრივ 50 თეთრს გადაიხდის და ტარიფი არ შეიცვლება.
რეგიონებისაგან განსხვავებით, დედაქალაქში უფასოდ მგზავრობის უფლებით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეები, ხოლო შეღავათებით, გარდა სოციალურად დაუცველებისა, სტუდენტები, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები მგზავრობენ.
შეგახსენებთ, ქუთაისში სტუდენტები მგზავრობის შეღავათების დაწესებას რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი აქციებს მართავენ და ქალაქის თვითმართველობას პეტიციებით მიმართავენ.
ავტორი: ნიუპრესი