|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასწავლო ცენტრში საქართველოში პირველი საექთნო კურსები იწყება (R)

"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ინიციატივით, საქართველოში პირველად, ექთნების  პროფესიული სასწავლო კურსი იწყება, რომელიც ქუთაისის სასწავლო და კვლევით ცენტრში ჩატარდება. სასწავლო კურსის მიზანი საექთნო საქმის განვითარება, პოპულარიზაცია და ექთნების დასაქმების ხელშეწყობაა.

პროფესიული სასწავლო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ექთნად მუშაობის უფლება აქვს და შესაბამისი დიპლომი გააჩნია. ასევე, პროგრამაში შეუძლიათ ჩაერთონ სამედიცინო სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც.

ქუთაისის სასწავლო ცენტრში განმარტავენ, რომ "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" იღებს ვალდებულებას, წარმატებული კურსდამთავრებულები, თავის ქსელის შემადგენლობაში შემავალ ჰოსპიტალებში დაასაქმოს. ექთნის კურსების გავლა შეუძლიათ როგორც ქუთაისში, ასევე იმ რეგიონებში მცხოვრებთაც, სადაც განთავსებულია "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" შემადგენლობაში არსებული კლინიკები.

"კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კონკურსანტი დასაქმდება ჩვენი ქსელის ნებისმიერ საავადმყოფოში, რომელიც არის საქართველოს 36 ქალაქში. მათი დასაქემება არის რეალური და უფრო მაღალი ანაზღაურებით, ვიდრე ამჟამად არის ჩვენს კლინიკებში," – აცხადებს "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი ფხაკაძე.

სასწავლო კურსი თანამედროვე სასწავლო პროგრამებს მოიცავს და თეორიული მეცადინეობების პარალელურად, პრაქტიკურ მეცადინეობებსაც ითვალიწინებს.

"სწავლების მეთოდიკა არის სინთეზური – თეორია, პრაქტიკა ტრენინგცენტრის პრაქტიკული მეცადინეობების ოთახებში და სამუშაო პრაქტიკა ჩვენს კლინიკებში. სამედიცინო კორპორაციას აქვს თავისი მოთხოვნები და სტანდარტები," – ამბობს ქუთაისის სასწავლო და კვლევითი ცენტრის დირექტორი, გიორგი ბერია.

ექთნებისთვის პროფესიულ სასწავლო კურსს "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" წამყვანი სპეციალისტები და მოწვეული საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორ–მასწავლებლები გაუძღვებიან.

პროფესიული კურსი 6 თვიანია და სწავლის ღირებულება ყოველთვიურად 150 ლარს შეადგენს. საექთნო კურსებზე საბუთების მიღება 23 ივნისიდან 8 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. როგორც ქუთაისის სასწავლო ცენტრში განმარტავენ, საბუთების მიღების პროცედურა მარტივია. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ პირადობის, ექთნად მუშაობის დამადასტურებელი მოწმობა და შეავსონ განაცხადი.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ქუთაისის სასწავლო ცენტრი დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს. სასწავლო ცენტრში თეორიული ლექცია სემინარები და პრაქტიკული მეცადინეობები ერთდროულად 150 მსმენელს უტარდება.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" საქართველოში ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც ქვეყნის 6 რეგიონში 36 კლინიკას მართავს. ქსელის შემადგენლობაში არსებულ კლინიკებში სულ 10 000–მდე თანამშრომელი მუშაობს.  

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა